არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
1992 წლის 14 მაისს გარი ლინეკერმა ინგლისურ ფეხბურთში თავისი ბოლო გოლი გაიტანა, როდესაც მისი „ტოტენჰემ ჰოტსპური“ 1:3 დამარცხდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“. თამაშის შემდეგ ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა, ფანებმა და სპეციალისტებმა უდიდესი პატივისცემა გამოხატეს იმ კაცის მიმართ, რომელიც ბოლო 10 წელი ესპანეთისა თუ ინგლისის მინდვრებზე მცველებსა და მეკარეებს ატერორებდა.
კაცი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში მხოლოდ ერთი გოლი აკლდა ლეგენდარული ბობი ჩარლტონის რეკორდის გამეორებამდე და კაცი, რომელსაც მთელი კარიერის განმავლობაში არასდროს მიუღია ყვითელი ბარათი, ახალი თავგადასავლის საძიებლად შორეულ აზიაში გაემგზავრა.
ლინეკერმა სარფიანი წინადადება მიიღო იაპონური „ნაგოია გრამპუს ეითისგან“. ამ შეთავაზებაზე დათანხმება კი საკმაოდ უცნაური ჩანდა ფეხბურთელისგან, რომელიც იმ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის სამშობლოში. თავად განსაჯეთ, უკანასკნელ ინგლისურ სეზონში ლინეკერმა „ტოტენჰემის“ მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 50 მატჩში 35 გოლი შეაგდო და ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა ბომბარდირ იან რაიტს (29 გოლი).
ბრიტანულ პრესასა და მედიაში არაერთი დამცინავი და შეურაცხმყოფელი რეპორტაჟი თუ სტატია გაჩნდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ირონიულადაც ისაუბრა: „ლინეკერი... როგორც ჩანს, ბედნიერია უზარმაზარი ხელფასის გამომუშავებით და კმაყოფილია ევროპული შეჯიბრებიდან წასვლის გადაწყვეტილებით, რათა მესამეხარისხოვან სტადიონებზე ითამაშოს ლიგაში, რომელიც, როგორც თავად ამბობს, საწყის ეტაპზეა.“
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლინეკერმა „ბლექბერნ როვერსის“ მფლობელ ჯეკ უოკერს განუცხადა უარი მის გუნდში გადასვლაზე. „ბლექბერნი“ ინგლისის ჩემპიონატში იმ სეზონში აღზევდა, რომლის დასრულებისას ლინეკერმა „სპურზი“ დატოვა. გუნდმა სამ წელიწადში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, იქამდე კი ჯერ მე-4, შემდეგ კი მე-2 ადგილი დაიკავა პრემიერ ლიგაში.
და მაინც, როგორ აღმოჩნდა გარი ლინეკერი იაპონიაში, სადაც „მესამეხარისხოვან სტადიონებზე“ უნდა ეთამაშა?
გულუბრყვილობა იქნება ვინმემ იფიქროს, რომ „ლესტერ სიტის“, „ევერტონისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავი „ამომავალი მზის ქვეყანაში“ გადაბარგებით მხოლოდ ფულით იყო მოტივირებული. ფეხბურთელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი რაღაც სიახლის ნახვის სურვილი იყო. დღესდღეობით კი ეს ყველაფერი ნორმაც კია, რომელიც უთვალავი დიდი ვარსკვლავის მოკრძალებულ ლიგებში წასვლით დასტურდება.
გარი ლინეკერის აზიური ქვეყნის ლიგაში გადასვლა მსოფლიოსთვის იმის სიგნალი იყო, რომ იაპონური ფეხბურთი საბოლოოდ გამოჩნდა საფეხბურთო ჰორიზონტზე. ათწლეულების განმავლობაში იაპონიაში ფეხბურთი ხომ ნახევრადპროფესიონალური სპორტი იყო, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილის აინტერესებდა.
1992 წელს იაპონიაში პროფესიონალური საფეხბურთო დივიზიონი, J-ლიგა დაარსდა, რომლის ეგიდით პირველი ჩემპიონატი 1993 წელს გაიმართა. გარი ლინეკერი სწორედ საინაუგურაციო პირველობის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო და J-ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეც გახდა. ის იყო ქვეყანაში ფეხბურთის ელჩი, როგორც ეს პელეს „ნიუ-იორკ კოსმოსში“ გადასვლის შემთხვევაში მოხდა.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ინგლისელი ვარსკვლავისთვის იაპონიაში ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა. უცხო ქვეყანა, უცხო ხალხი, უცხო კულტურა თუ უცხო ენა ლინეკერს თავის დამკვიდრებაში უშლიდა ხელს. ევროპასა და მსოფლიოში ცნობადობის მიუხედავად, ფეხბურთელი არათუ მედიას, ხშირად თავის თანაგუნდელებსაც კი უხსნიდა საკუთარ ვინაობას და უსწორებდა სახელ-გვარის უშეცდომოდ გამოთქმას.
„ტაქსიში ყოფნისას სახლის პოვნა სრული კოშმარი იყო, რადგან იმასაც ვერ ვიგებდი, სად მივდიოდი.“ - განაცხადა ერთხელ პრესასთან გარი ლინეკერმა.
იაპონური კლუბი და მისი მესვეურები ცდილობდნენ, ფეხბურთელსა და მის მეუღლეს დახმარებოდნენ ადაპტირებაში და „ლინეკერის ეფექტის“ ამუშავების იმედი ჰქონდათ, განსაკუთრებით კი - „ნაგოიას“ მთავარ სპონსორ Toyota-ს. გარი ლინეკერის ტრანსფერი სწორედ ცნობილმა საავტობოლი კომპანიამ დააფინანსა.
„ტოიოტას“ მარკეტინგის მენეჯერს, ტაკაიუკი მიაშიტას ინგლისელი ვარსკვლავის გამოყენება კომპანიის იმიჯისთვის სურდა. გარი ლინეკერის ფოტოები თუ სხვა სახის გამოსახულება იყო გაზეთებში, ტელევიზიებში, მაღაზიებში, სხვადასხვა პროდუქციებსა თუ საქონელზე. მოკლედ, სანამ ფეხბურთელმა იაპონიაში ბურთი გააგორა, „ტოიოტამ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაარეკლამა მისი სახელი.
პრე-სეზონის პირველ მატჩში ლინეკერმა სოლიდური თამაში აჩვენა და „გრამპუსმა“ „შიმიზუს“ 2:1 მოუგო. ინგლისელი ფორვარდი კარგად უგებდა თანაგუნდელებს, ფიზიკური მომზადებისა და კლასის მხრივ კი სხვებზე უკეთ გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან გოლის გატანა ვერ შეძლო, გულშემატკივრები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი. მწვრთნელმა რიუზო ჰირაკიმ მატჩის შემდგომ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ლინეკერის გავლენა სხვა მოთამაშეებზე მართლაც მნიშვნელოვანი იყო.
სამწუხაროდ, „ლინეკერის ეფექტი“ მალევე შემცირდა. ივნისში ინგლისელი სამითვით გამოეთიშა ფეხბურთის თამაშს „გამბა ოსაკასთან“ მიღებული მარჯვენაფეხის თითის მოტეხილობის გამო, რომელიც მან 1992 წლის დეკემბერში მიიღო და სრულფასოვნად შეხორცება ვერ მოახერხა. სამი თვის განმავლობაში ის მოედანთან იდგა და უყურებდა, თუ როგორ წარუმატებლად ასპარეზობდა „ნაგოია“ იაპონიის ახალ უმაღლეს ლიგაში.
სექტემბერში დაბრუნების შემდეგ იგი თავის გუნდს „სანფრეჩე ჰიროშიმას“ დამარცხებაში დაეხმარა, რამაც „ნაგოია“ 10-გუნდიანი ლიგის ბოლო ადგილიდან ამოიყვანა.
სანამ ლინეკერი გოლების გატანას დაიწყებდა, ფეხის კიდევ ერთი თითი მოიტეხა. ტრავმამ ვარსკვლავი აიძულა, ეფიქრა თუ არა კარიერის მაშინვე დასრულებაზე.
ამ დროს გარი ლინეკერმა ფეხბურთს სხვა მხრიდანაც შეხედა. მოედანზე მისი შესანიშნავი რეპუტაციის მიუხედავად, შორეულ აღმოსავლეთში ყოფნის დროს ფეხბურთელმა თავისი გულახდილი მხარე 1993 წელს გამოცემული ავტობიოგრაფიული წიგნის, „გასაოცრად განსხვავებულის“ გამოცემით გამოავლინა - გარი ლინეკერმა ხსენებული წიგნი ინგლისის ნაკრების მაშინდელი მწვრთნელის, გრემ ტეილორის გასაკრიტიკებლად გამოიყენა.
1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ლინეკერი ნაკრებს კაპიტნობდა, შვედეთთან წაგებულ მატჩში ცვლილებამ იმ დროს გულშემატკივრებსა და ექსპერტებშიც გააჩინა ტეილორისადმი კრიტიკა. ფეხბურთელმა ევროს შესახებ ნაწერში მენეჯერი გადაწყვეტილების გამო დაადანაშაულა პირად გრძნობებზე გავლენის მოხდენაში. გრემ ტეილორს ასევე ბრალდებოდა ბობი ჩარლტონის სანაკრებო გოლების მაჩვენებლის გაუმჯობესებაში ხელის შეშლა.
სხვათა შორის, სწორედ საკამათო მემუარმა შეუწყო ხელი სამომავლოდ გარი ლინეკერის მედია კარიერის დაწყებას. მინდორზე სუფთა იმიჯის ქონის პარალელურად, მან აჩვენა, რომ მოედანს მიღმაც გონიერი იყო.
ბევრი იმედოვნებდა, რომ მეორე იაპონურ სეზონში სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდებოდა. პირველ სეზონში ხომ სახელოვან ფორვარდს შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ ახალი სეზონის საწყის ეტაპზე კვლავ გაუჭირდა, ტრავმების გამო ჩემპიონატის უმეტესი ნაწილი გაუცდა, საბოლოოდ კი 11 მატჩი და 3 გოლი მიითვალა.
იაპონიაში დიდი პატივისცემის მიუხედავად, ყველა მიხვდა, რომ გარი ლინეკერის ტრანსფერმა ვერ გაამართლა. როდესაც თავდამსხმელმა 1994 წლის სექტემბერში ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა, გასაკვირი არაფერი იყო. ყველა მიხვდა, რომ 1986 წლის მუნდიალის ბომბარდირისთვის კარიერის დასრულების დრო დადგა.
პენსიაზე გასვლიდან ორი თვის შემდეგ გარი ლინეკერმა გამოცემა The Observer-ში დაიწყო მუშაობა სტატიების ავტორად და მალევე შეუერთდა BBC-ის გამოშვება Match of the Day-ს, რასაც მრავალწლიანი წარმატებული საფეხბურთო მედიაკარიერა მოყვა.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
პაატა ჩახვაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები