იბრაჰიმა კონატე, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ლივერპულიდან წასვლას განიხილავდა, შესაძლოა ენფილდზე დარჩეს და ახალ კონტრაქტსაც მოაწეროს ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ მცველს რეალ მადრიდს ხშირად უკავშირებდნენ, ესპანურ გრანდს გადამწყვეტი ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს.
ლივერპულმა კონატესთან ხელშეკრულების გახანგრძლივება ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში სცადა, თუმცა მაშინ თავად ფეხბურთელმა მოლაპარაკებები დააპაუზა. სწორედ იმ პერიოდში გავარდა ხმები, რომ რეალ მადრიდი მის უფასოდ ხელში ჩაგდებას გეგმავდა, თუმცა ნოემბერში სამეფო კლუბმა ინგლისელებს შეატყობინა, რომ ფრანგით აღარ ინტერესდებოდნენ.
სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ კონატე ახლა უკვე მზადაა ლივერპულთან თანამშრომლობა გააგრძელოს. მოსალოდნელია, რომ კლუბი ფეხბურთელის აგენტს აპრილის განმავლობაში დაუკავშირდება.
რაც შეეხება რეალ მადრიდს, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები ცენტრალურ მცველს ეძებენ, რომანოს თქმით, კონატეს მიმართ ინტერესი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. რეალის მთავარი სამიზნე დაიო უპამეკანო იყო, თუმცა მან ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ამჟამად მადრიდელებს მომავალი სეზონისთვის დინ ჰეისენი, რაულ ასენსიო და ედერ მილიტაო ჰყავთ. ანტონიო რუდიგერს ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, დავიდ ალაბა კი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. რეალ მადრიდი საბოლოო გადაწყვეტილებებს მაისამდე იშვიათად იღებს, თუმცა ამ მომენტისთვის მეხუთე ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოკვეთილი კანდიდატი არ ჩანს.