პსჟ-მ საფრანგეთის LFP-ს ოფიციალურად მიმართა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლივერპულთან დაპირისპირების წინ შიდა ჩემპიონატის მატჩის გადადება ითხოვა.
საუბარია ლანსთან საჩემპიონო ბრძოლაში უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე, რომელიც მერსისაიდელებთან ორრაუნდიან დუელს შორის არის ჩაკვეხებული.
კალენდრის მიხედვით, პსჟ ლანსს 11 აპრილს უნდა ესტუმროს, არნე სლოტის გუნდთან პირველი მატჩიდან სამი დღის შემდეგ და ენფილდზე გასამართ განმეორებით შეხვედრამდე სამი დღით ადრე. პარიზელებს სურთ, რომ ძალების აღსადგენად და ევროტურნირისთვის მოსამზადებლად დამატებითი დრო მიიღონ.
ლანსმა, რომელიც 1998 წლის შემდეგ პირველ საჩემპიონო ტიტულს ეპაექრება, პსჟ-ს ამ მოთხოვნას მკაცრი განცხადებით უპასუხა. კლუბში მიიჩნევენ, რომ მსგავსი პრეცედენტები საფრანგეთის ჩემპიონატის ავტორიტეტს აზიანებს:
ჩნდება შემაშფოთებელი განცდა, რომ ჩვენი ლიგა ზოგიერთი კლუბის ევროპული ამბიციების გამო მხოლოდ მეორეხარისხოვან ინსტრუმენტად იქცა. საკითხი უფრო ფუნდამენტურია: ეს არის საკუთარი ჩემპიონატის პატივისცემა, რომელიც ზოგჯერ საკუთარ მიწაზევე მეორე პლანზე გადადის.
თავის მხრივ, პარიზული გრანდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი პრაქტიკა ადრეც ხშირად გამოყენებულა ფრანგული კლუბების ინტერესების დასაცავად. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის წინა ეტაპზე, ჩელსისთან მატჩების წინ, პსჟ-ს ნანტთან თამაში გადაუდეს, რამაც ლუის ენრიკეს გუნდს დასვენების საშუალება მისცა, პარიზელებმა ის დუელი საერთო ჯამში 8:2 მოიგეს.
ამ დროისთვის ლანსი ლიდერ პსჟ-ს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, ამიტომ მატჩის გადადება სატურნირო თვალსაზრისითაც დიდ გავლენას მოახდენს. საბოლოო გადაწყვეტილება ლიგის ხელმძღვანელობაზეა, რომელიც, როგორც წესი, ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდების მხარეს იჭერს. მსგავსი თხოვნით ლიგას სტრასბურმაც მიმართა, რომელსაც კონფერენს ლიგაზე მაინცთან შეხვედრა ელის.