კურტუა შესაძლოა ელ კლასიკოსთვის დაბრუნდეს: ბელგიელი მეკარე რეაბილიტაციის ფინალურ ეტაპზეა
ტიბო კურტუა 10 მაისს, კამპ ნოუზე გასამართი ელ კლასიკოსთვის დაბრუნებას გეგმავს. თუ დარჩენილ 13 დღეში რაიმე გართულება არ მოხდა, ბელგიელი მეკარე ბარსელონას წინააღმდეგ მადრიდის რეალის კარს კვლავ დაიკავებს. კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი დასკვნით ფაზაშია და ის მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.
კურტუა მაშინ დაშავდა, როცა მადრიდის რეალი ჯერ კიდევ იბრძოდა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის. მისი დაბრუნების მომენტისთვის კი გუნდი ევროტურნირებიდან უკვე გამოვარდნილია, ხოლო ჩემპიონატში გამარჯვების შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვს. ბელგიელის არყოფნა სამეფო კლუბისთვის ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა აღმოჩნდა.
სამი წაგება, ორი ფრე და მხოლოდ ორი მოგება
კურტუას გარეშე მადრიდული გრანდი ფაქტობრივად ჩამოიშალა. სტატისტიკა ნათლად ასახავს რეალობას: მას შემდეგ, რაც მეკარემ 17 მარტს, მანჩესტერ სიტისთან მატჩში ტრავმა მიიღო, გუნდმა ჩატარებული შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ორის მოგება მოახერხა.
ბელგიელი მეკარე მთელი სეზონის განმავლობაში „მსოფლიოს საუკეთესო მეკარის“ რეჟიმში ასპარეზობდა და თავისი სეივებით გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებაში ეხმარებოდა. მის გარეშე მადრიდელთა დაცვა გაცილებით მოწყვლადი გახდა. ახლა მთავარი მიზანი კურტუას ელ კლასიკოსთვის სრულ მზადყოფნაში ყოფნაა.