დიეგო სიმეონე ადასტურებს, რომ ლონდონის არსენალი ხულიან ალვარესის ტრანსფერით არის დაინტერესებული.
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, დაადასტურა ხმები ხულიან ალვარესის ლონდონის არსენალში შესაძლო გადასვლის შესახებ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ, სადაც მადრიდელები სწორედ პრემიერლიგის ლიდერებს უპირისპირდებიან, სიმეონემ აღნიშნა, რომ არგენტინელი ფორვარდით ევროპის საუკეთესო კლუბების დაინტერესება ბუნებრივი პროცესია.
ალვარესი, რომელიც მადრიდულ კლუბს 2024 წელს მანჩესტერ სიტიდან შეუერთდა, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. მას ესპანურ გუნდში ჩატარებულ 104 მატჩში 48 გოლი აქვს გატანილი.
დიეგო სიმეონეს ციტატა:
„ვფიქრობ, ეს ნორმალურია. ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა. ინტერესი არის არსენალის, პსჟ-ს, ბარსელონასა და სხვა გუნდების მხრიდან, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვნერვიულობთ.“
გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის არსენალი ალვარესში სწორედ იმ ფორვარდს ხედავს, რომელიც გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმარება. თუმცა, მადრიდის ატლეტიკო ფეხბურთელს 87 მილიონ ფუნტად აფასებს და მისი გაყიდვის სურვილი არ აქვს. თავად ფეხბურთელი კი, გავრცელებული ხმებით, ესპანეთში დარჩენას ამჯობინებს, სადაც მისით ყველაზე მეტად ბარსელონაა დაინტერესებული.
სატრანსფერო ჭორების მიუხედავად, სიმეონე მთელ ყურადღებას ჩემპიონთა ლიგაზე გადატანას ცდილობს. „ჩვენ წინაშეა რთული მეტოქე, რომელიც სტანდარტულების დროს ძალიან ძლიერია. ნახევარფინალში თამაში არაჩვეულებრივი მოვლენაა და იქ დიდი იმედებით მივდივართ“, - დასძინა მწვრთნელმა.
მოსალოდნელია, რომ მცირე ტრავმის მიუხედავად, ხულიან ალვარესი მეტროპოლიტანოზე გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.