მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA-სთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა - მამობა, მსოფლიო ჩემპიონატზე ოცნება, კრიშტიანუ რონალდუსთან შეხვედრა და ა.შ.
კვარასტელა, კვარავაჯო, კვარადონა - ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში გადასვლისა და ნაპოლიში საოცარი თამაშის შემდეგ ბევრი მეტსახელი შეარქვეს,
2022 წელს მისი გადასვლიდან რამდენიმე თვეში ნაპოლიმ 33-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიული მე-3 სკუდეტო მოიგო, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გავიდა და და 1/8 ფინალს მიაღწია.
ამ მიღწევებმა 23 წლის მოთამაშე კლუბისა და ნაკრების გმირად აქცია, მაგრამ ვინგერს მეტის გაკეთება სურს. კვარაცხელია FIFA-ს სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა - თავის ოცნებაზე, რომ საქართველო მსოფლიო სცენაზე გაიყვანოს, ნაპოლის ევროპულ აღიარებაზე, ანტონიო კონტესთან მუშაობაზე, მამობაზე და სხვა.
მამობა
"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. უცბად მამობის უზარმაზარი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომანიჭა და ახლა რაღაცებს სხვანაირად ვხედავ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ. იმედია, ყველა გამოცდის ასეთ სიხარულს თავის ცხოვრებაში."
ბოლონიასთან აღნიშვნა და ფეხბურთელობა მამის როლში
"უცბად უფრო მოტივირებული გავხდი. მუშაობას უფრო მეტად იწყებ, რადგან იცი, რომ ყველაფერი რასაც აკეთებ, შენი შვილისთვის არის. ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს მაშინ ნახავს, როცა გაიზრდება, ეს კი მე მაბედნიერებს, რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა. ეს ემოციები უფრო მაძლიერებს. ვცდილობ, ეს გრძნობა მოედანზე გადავიტანო და ამიტომაც ჩემს გოლებს მას ვუძღვნი, რათა რომ გაიზრდება, ეს ნახოს. იმედია, თვითონაც ფეხბურთელი იქნება მომავალში."
მნიშვნელოვანი რამ, რაც შვილს შეიძლება ასწავლო
"ყველაფერთან ერთად, მინდა მას ვასწავლო, რომ ძლიერი იყოს. ცხოვრება სირთულეებით სავსეა, მაგრამ უნდა მოძებნო გზა, რომ ისინი გადალახო და ყოველთვის უნდა წამოდგე, როცა დაეცემი. მინდა, რომ ყველა სირთულე გადალახოს და ყველა გამოწვევას, რომელსაც ცხოვრება მოუმზადებს, მზად შეხვდეს. სხვა განსაკუთრებული რჩევა არ მაქვს, რასაც მას მივცემ. ჩემი გზაც რთული იყო და ყველა გამოწვევას ერთნაირი მოტივაციით შევხვდი. ბედნიერი ვარ იმ გზით, რაც ჩემს ცხოვრებაში აქამდე გავიარე."
ბავშვობის ოცნებები
"ყოველთვის ვოცნებობდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ თავიდან ეს რეალური არ ჩანდა. როცა საქართველოს თამაშებს ვუყურებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მოედანზე ფეხს მეც შევდგამდი და სხვა ბავშვები ტრიბუნებიდან მიგულშემატკივრებდნენ. ვისწავლე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია. თუ საკმარისი სურვილი გაქვს და გააკეთებ ყველაფერს, რომ ეს შესაძლებელი გახადო, ოცნებები ხდება. ხვიჩა კვარაცხელიამ ოცნება აიხდინა, რომ ფეხბურთელი ყოფილიყო და თავისი ქვეყნისთვის ეთამაშა."
საქართველოსთვის თამაში
"მინდა, რომ ჩემი ქვეყნისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო. რასაც ამ მომენტში ვაკეთებ, მჯერა, რომ ეს საქართველოს ეხმარება და საქართველოც მეხმარება მე. საოცრად ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. ღმერთს მადლობა, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. ყოველთვის ჩემს საუკეთესოს გავაკეთებ, რომ ჩემმა ქვეყანამ იამაყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება შემდეგ."
პორტუგალიასთან გოლი და რონალდუსთან შეხვედრა
"ევროზე პორტუგალიასთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო. ვთამაშობდი იმ მოთამაშის წინააღმდეგ, რომელსაც ბავშვობიდან მივყვებოდი და ვქომაგობდი. თამაშამდე ჩემს თავს ვუთხარი: "ეს ჩემი მომენტია" და ვიცოდი, რომ ეს მოედანზე უნდა მეჩვენებინა. შენი კერპის წინააღმდეგ თამაში უზარმაზარი მოტივაციაა. ეს საოცარი იყო. ის მოვიდა და წარმატებები მისურვა. მეცხრე ცაზე ვიყავი და უფრო დავრწმუნდი, რომ საქართველო მოიგებდა. იმ საღამოს ყველაფერი გავიღე და ჩემს გუნდს დავეხმარე ისტორიული შედეგის მიღწევაში."
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა
"ბოლო თვეებში ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ოცნება ავიხდინოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ. გვჯერა, რომ გასვლა შეგვიძლია და ეს არის მთავარი. გვაქვს უნარი და ხასიათი, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ."
ასპექტი, რომელსაც განვითარება სჭირდება
"ყველა მოთამაშეს აქვს ასპექტი, სადაც შეუძლია განვითარდეს და მეც არ ვარ გამონაკლისი. ეს ბევრი ვარჯიშით შეიძლება მოხდეს. დეტალებში რომ არ შევიდე, ვიტყოდი, რომ ჩემი თამაშის ყველა ასპექტი მინდა განვავითარო."
თამაშის მოტივაცია
"თამაშის სიყვარული. ამან ყველაფერი მომცა. როცა მოედანზე ფეხს ვდგამ, თავისუფლად ვგრძნობ თავს და როცა ფეხთან ბურთი მაქვს, ბედნიერი ვარ. იღბლიანი ვარ, რომ იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს და რისი გაკეთებაც მსურს."
ანტონიო კონტე და მისი ნდობა
"მიხარია, რომ ანტონიო კონტესთან მუშაობის შესაძლებლობა მაქვს. ვიცოდი, რომ ის დიდებული მწვრთნელი იყო, მაგრამ მიხარია, რომ ამის პირადი გამოცდილება მაქვს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან ერთად ვცდილობ ფიზიკურად და ტაქტიკურად განვითარდე. ვფიქრობ, მისი დახმარებით, შემიძლია სასურველ შედეგებს მივაღწიო, როგორც კლუბში ისე საერთაშორისო დონეზე."
FIFA-ს წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე ნომინირება
"ამ ჯილდოზე ნომირება საოცარი შეგრძნება იყო. ამან მეტი თავდაჯერება და იმის ჩვენების მოტივაცია მომცა, რომ ეს შემთხვევითი არ იყო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ სცენაზე დავბრუნდე და დარწმუნებული ვარ, ამას ვიზამ. ამისთვის ბევრს ვშრომობ და მჯერა, რომ ეს შრომა შედეგს გამოიღებს."
საქართველოსა და ნაპოლის შორის მსგავსება
"მთავარი რამ, რაც ორივე მხარის გულშემატკივარს აქვს საერთო, ფეხბურთის სიყვარულია. ეს სპორტი ორივეგან განსაკუთრებულია და ამიტომაც არ მქონდა პრობლემა ნაპოლისთან შეგუების. მიხარია, რომ კლუბშიც და ეროვნულ გუნდშიც ასეთი მხარდაჭერა გვაქვს."
კვარაცხელია, ჰალანდი, მბაპე, ბელინგემი, იამალი, ვინისიუსი - ფეხბურთის მომავალი
"ეს სახელები მიუთითებს, რომ ფეხბურთის მომავალი საიმედო ხელშია, მაგრამ ჩვენ სპორტის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც მესი და რონალდუ არიან, პატივი უნდა ვცეთ. ისინი კვლავ მაღალ დონეზე თამაშობენ. იღბლიანი ვარ, რომ მათ ეპოქაში თამაში მომიწია და გამოვცადე ის საოცარი ფეხბურთი, რომელიც მათ გვაჩუქეს სხვა ლეგენდებთან ერთად."
მომავლის ოცნებები
"ყველაფერზე მეტად ვოცნებობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდე საქართველოსთან ერთად და ჩემპიონთა ლიგა მოვიგო ჩემს კლუბში. იმედია, ამ ოცნებებს რეალობად ვაქცევ. საკლუბო ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ყველა ქართველის ოცნებაა. მჯერა, რომ ეს მათი დაფასებაც იქნება, ვისაც საქართველოსთვის წარსულში უთამაშია. ჩვენ გვინდა, რომ მათ ნაკვალევს მივყვეთ და მივაღწიოთ მიზანს და ჩვენმა ქვეყანამ ამით იამაყოს."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები