ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ კვირის პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მამუკა ჯუღელი მისი შვილის აგენტი აღარაა.
"მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა.
მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.
ამ ეტაპზე, ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს მასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას", - აღნიშნა ბადრი კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელია მამუკა ჯუღელთან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. კვარას Transfermarkt-ის პროფაილზე მამუკა ჯუღელის სააგენტო 2025 წლის სექტემბრიდან მოყოლებული აღარ იყო მოხსენიებული.