VIDEO: მამაგეიშვილის პირველი საგოლე მოქმედება - შტურმმა ზედიზედ მე-4 ფრე ითამაშა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 29-ე ტურში, ქართველების შტურმ გრაცმა აუსტრია ვენას შინ ვერ მოუგო - 1:1.
მეტიც, აუსტრია მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა, გრაცელებმა კი 85-ე წუთზე, გიზი მამაგეიშვილის ასისტის შედეგად გაათანაბრეს და ზედიზედ მე-4 ფრე ითამაშეს.
მამაგეიშვილის შტურმს იანვარში შეუერთდა, ბუნდესლიგაში მე-10 შეხვედრა ჩაატარა და პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა. მოედანზე 90 წუთი გაატარა.
ასევე თავიდან ბოლომდე ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირობას ინარჩუნებს - 14 გოლი აქვს (3 ასისტიც), რითაც ბომბარდირთა დავაში სუფთა პირველ ადგილზეა - რიდის ზამბიელ შემტევ კინგსტონ მუტანდვასა და ჰარტბერტის ელიას ჰაველს 13-13 გოლი აქვთ.
29 ტურის შემდეგ, შტურმს 30 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა - ლასკ-ი გაუთანაბრდა, ხოლო ზალცბურგი 2 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო ტურში, 3 მაისს, ქართველთა გუნდს სწორედ მე-3 ადგილოსან ზალცბურგთან სტუმრად თამაში მოუწევს. შემდეგ ჰარტბერგს ესტუმრებიან (10 მაისს), ხოლო ჩემპიონატს რაპიდ ვენასთან მატჩით დაასრულებენ (17 მაისს).