The Athletic-ის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედმა ჩრდილოეთ ამერიკულ პროდაქშენ-კომპანია Lionsgate-თან კლუბის ისტორიაზე სატელევიზიო დრამის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწია.
პროექტი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია და სცენარი ჯერ არ არის დაწერილი, ასევე ის ჯერ არ არის გაყიდული არცერთ მაუწყებელზე ან სტრიმინგ-პლატფორმაზე. თუმცა კონცეფციით იგი სტილით ექვსსეზონიან ისტორიულ დრამა The Crown-ს წააგავს, რომელიც ბრიტანეთის მონარქის, დედოფალ ელიზაბეტ II-ის ცხოვრებას ასახავდა.
Lionsgate მსხვილი სტუდიაა, რომელიც ფილმებისა და ტელესერიალების წარმოებითა და დისტრიბუციით არის დაკავებული და ისეთი ცნობილი ფრენჩაიზების სახლია, როგორებიცაა The Hunger Games, John Wick და Twilight.
კომპანიას აქვს სპორტულ თემაზე შექმნილი პროექტების გამოცდილებაც, მათ შორისაა ფილმები Warrior (2011) და Draft Day (2014). ამასთან ერთად, Lionsgate მუშაობს პროექტზე, რომელიც ბეისბოლში აზარტული თამაშების სკანდალს ეხება.
რამდენიმე წყაროს ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თუ სერიალი წარმოებასა და გაყიდვამდე მივა, იუნაიტედი გარანტირებულ თანხას მრავალმილიონიანი ფუნტის ოდენობით მიიღებს.
მომავალი ჰონორარები კლუბსა და Lionsgate-ს შორის გაიყოფა, ხოლო მათი ოდენობა სეზონების, ეპიზოდების რაოდენობისა და გაფორმებული კონტრაქტის მასშტაბის შესაბამისად გაიზრდება.
ბრიტანელი სცენარისტი და რეჟისორი ჯედ მერკურიო, რომელმაც ისეთი პოპულარული ბრიტანული სერიალები შექმნა, როგორიცაა Bodyguard და Line of Duty, პროექტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ის ბავშვობიდან მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარია.
ამ ეტაპზე უცნობია, ისტორიის რომელი პერიოდები იქნება გაშუქებული, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედის წარსული სიუჟეტებით მდიდარია და მარტივად შეუძლია დააინტერესოს როგორც ერთგული გულშემატკივრები, ისე უფრო ფართო აუდიტორია.