დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოულოდნელი გარდატეხა მოხდა.
ახალმა სამედიცინო ექსპერტიზამ სრულად შეცვალა ბრალდების მთავარი არგუმენტი იმის შესახებ, თითქოს არგენტინელი ფეხბურთელი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში იტანჯებოდა. ექიმების მტკიცებით, სიკვდილი მოულოდნელმა და გაუთვალისწინებელმა მოვლენამ გამოიწვია.
სან-ისიდროს სასამართლოზე გამოსვლისას, კარდიოლოგმა რიკარდო იგლესიასმა განაცხადა, რომ მარადონას გარდაცვალების მიზეზი მწვავე არითმია გახდა. მან კატეგორიულად უარყო 12-საათიანი ტანჯვის თეორია და აღნიშნა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის გული სრულიად ჯანმრთელი იყო. იგლესიასის განმარტებით, გულმა წინა წლებში მიღებული ზიანი სრულად აღიდგინა და ფატალური შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო.
აღნიშნული ჩვენება კიდევ ერთმა ექიმმა, ხოსე ანტონიო მაიამაც დაადასტურა. მისი თქმით, თავის ტვინზე ჩატარებული ოპერაციის წინ მარადონას რისკები ზომიერად შეფასდა და ის არ ითვლებოდა გულის უკმარისობის მქონე პაციენტად. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მკურნალი პერსონალის ქმედებები სრულად ლოგიკური იყო, რადგან კლინიკიდან გაწერისას მას კარდიოლოგიური მკურნალობა არ დანიშვნია.
შეგახსენებთ, რომ მარადონას სამედიცინო გუნდის შვიდ წევრს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც 25 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აპრილში დაწყებული სასამართლო პროცესი ახლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და 8 ოქტომბრიდან მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოცხადდება.