ესპანურ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ბარსელონას ახალწვეულმა როდრიმ ზაფხულში რეალთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
„მადრიდის რეალისთვის უარის თქმა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ძალიან კარგად მომექცნენ.
ბევრი რამ უნდა გამეთვალისწინებინა და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმეღო, რადგან საუბარი მსოფლიოს ორ საუკეთესო კლუბზე იყო.
გადაწყვეტილება სპორტული ასპექტებიდან გამომდინარე მივიღე, იმის მიხედვით, თუ რომელი ვარიანტი უფრო აღმაფრთოვანებდა, სად ვგრძნობდი, რომ გამარჯვების მეტი შანსი მექნებოდა და სად შევძლებდი, როგორც ფეხბურთელი, უფრო მეტად განვითარებას.
ჟოზე მოურინიომ საჯაროდ თქვა, რომ ტელეფონით ვისაუბრეთ?
არ მგონია, მისი სტილი იყოს პირადი საუბრის გასაჯაროება, თუმცა მან ძალიან მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ მის გუნდში გადავსულიყავი და ამიხსნა, თუ რისი მიცემა შემეძლო გუნდისთვის. ის ძალიან კარგად მომექცა.
როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, ჟოზეს დავურეკე, რათა ინტერესისა და ჩემდამი დამოკიდებულებისთვის მადლობა გადამეხადა.
ვფიქრობ, ის უდიდესი მწვრთნელია და ეს უკვე დაამტკიცა ყველა იმ კლუბში, სადაც თავისი შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში უმუშავია.
იმოქმედა თუ არა ჩემზე მადრიდის რეალის ბოიკოტმა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე?
ეს მაშინაც ვთქვი, ჩემზე საერთოდ არ უმოქმედია, რადგან ის ჩემი დღე იყო. ვფიქრობდი, რომ დიდი აზრი არ ჰქონდა იმ ადამიანებზე საუბარს, რომლებიც იქ არ იმყოფებოდნენ, იმ ცერემონიისა და იმ ულამაზესი მომენტის ნაწილი არ იყვნენ, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ.
ვინც მიცნობს, იცის, რომ ვცდილობ, მსგავსი საკითხებისგან თავი შორს დავიჭირო, ისევე როგორც მედიის გარშემო ატეხილი ამბებისგან. ჩემი ყურადღება ფეხბურთზეა გადატანილი.“ - განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.