მერაბ დვალიშვილს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება სურს.
ყოფილი ჩემპიონი 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, ეტიჰად არენაზე გასამართ UFC 333-ზე პეტრ იანს ტრილოგიის დასკვნით ბრძოლაში დაუპირისპირდება.
ქართველი მებრძოლი 2025 წლის დეკემბერში რუსთან განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებასა და საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას გეგმავს.
დვალიშვილი 2025 წელს ტიტულის მეოთხედ წარმატებით დაცვას ცდილობდა, თუმცა იანთან განმეორებით შეხვედრაში დამარცხდა.
ახლა „მანქანა“ აცხადებს, რომ მე-3 დაპირისპირების წინ თავს ჯანმრთელად, დასვენებულად და ენერგიით აღსავსედ გრძნობს.
ამჯერად გამარჯვება განსაკუთრებით მწყურია. ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მაშინაც კი, როდესაც ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, არასდროს ვწუწუნებდი, რადგან მებრძოლი ვარ.
მაშინაც კი, თუ რამე მაწუხებს, მაინც გამოვალ და ვიბრძოლებ“, - განაცხადა დვალიშვილმა ბრძოლამდე მიცემულ ინტერვიუში.
მათი წინა ორივე დაპირისპირება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასრულდა. 2023 წელს გამართულ პირველ შეხვედრაში დვალიშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, გასულ წელს ჩატარებულ რემატჩში კი უპირატესობა იანმა მოიპოვა.
ქართველი მებრძოლის თქმით, UFC 333-ზე საუკეთესო ვერსიის წარმოსაჩენად არა მხოლოდ ბევრს, არამედ ჭკვიანურადაც ვარჯიშობდა.
ერთმანეთს მესამედ ვხვდებით. პირველი ბრძოლა ცალმხრივი იყო და მე გავიმარჯვე. მეორე ბრძოლაც ცალმხრივი გამოდგა, თუმცა ამჯერად ჩემთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. ახლა მჯერა, რომ გავიმარჯვებ, რადგან ვფიქრობ, მასზე ბევრად უკეთესი მებრძოლი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო.
ბევრს ვშრომობდი და ჭკვიანურად ვემზადებოდი. ახლა მხოლოდ ის მჭირდება, რომ ოქტაგონზე გავიდე და ჩემი საქმე გავაკეთო“, - დასძინა დვალიშვილმა.
მერაბ დვალიშვილი - მანქანის დაბრუნება