-
Aa
+
ფონტის ზომა
,,რა დიდი განსხვავებაა ერთ წელიწადში. 2025 წელს მერაბ დვალიშვილი UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი იყო.
ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ მან წელი სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით დაიწყო.
იანვარში მერაბმა ტიტული პირველად წარმატებით დაიცვა, როდესაც UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვს აჯობა.
ივნისში, UFC 316-ზე, დაბრუნდა და ყოფილ ჩემპიონ შონ ო’მალის განმეორებით შეხვედრაში მახრჩობელა ილეთით მოუგო. 4 თვის შემდეგ კი, UFC 320-ზე, კორი სენდჰეგენიც დაამარცხა.
ტიტულის 3-ჯერ წარმატებით დაცვით დვალიშვილმა თავისი დიდი ხნის თანაგუნდელისა და მეგობრის, ალჯამეინ სტერლინგის მიერ დამყარებული დივიზიონის რეკორდი გაიმეორა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის იყო, რომ მერაბმა ამას სულ რაღაც 10 თვეში მიაღწია. თუმცა ქართველი მებრძოლი გაჩერებას არ აპირებდა.
მას ისტორიის დაწერა და კალენდარული წლის განმავლობაში ტიტულის მეოთხედ დაცვა სურდა.
დეკემბერში, UFC 323-ზე, დვალიშვილი რუს მეტოქეს, პეტრ იანს დაუპირისპირდა, თუმცა ყოფილმა ჩემპიონმა მას ყველა კომპონენტში აჯობა, საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა და ქართველის წარმოუდგენელი წელი არასასიამოვნო დასასრულამდე მიიყვანა.
ძალიან მიხარია, რომ აბუ-დაბიში ვარ და ბრძოლის კვირეულში ვმონაწილეობ. ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, ინტერვიუები, წონის დაკლება, ვარჯიში და მომზადება. ჩემი სხეული კარგ მდგომარეობაშია და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მაშინაც კი, როდესაც ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, არასდროს ვწუწუნებდი, რადგან მებრძოლი ვარ. თუ რამე მაწუხებს, მაინც გამოვდივარ და ვიბრძვი.
ახლა გამარჯვება განსაკუთრებით მწყურია“, - განაცხადა დვალიშვილმა 2026 წლის პირველ ბრძოლამდე.
ყველა სპორტსმენი განსხვავებულია იმით, თუ როგორ იქცევა და რამდენ ენერგიას ხარჯავს ოქტაგონსა და მის გარეთ.
თუმცა დვალიშვილის შემთხვევაში ეს ორი სამყარო თითქმის იდენტურია, ის ცხოვრებაშიც ისეთივე ენერგიულია, როგორიც ბრძოლისას.
35 წლის ქართველს მეტსახელი „მანქანა“ შემთხვევით არ მიუღია. მისი დაუღალავი ხასიათისა და უსაზღვრო ენერგიის გათვალისწინებით, მერაბი შეიძლება შევადაროთ ბურთს, რომელიც მუდმივად მოძრავ კუბშია მოქცეული და კედლებს განუწყვეტლივ ეხეთქება.
თუ ამის წარმოდგენას შეძლებთ, მიხვდებით, რატომ უჭირდა დვალიშვილს სიმშვიდის შენარჩუნება, როდესაც მომდევნო ბრძოლის თარიღის დადასტურებას ელოდებოდა.
საბედნიეროდ, ბრძოლასთან დაკავშირებული ინფორმაცია საბოლოოდ მიიღო, მანამდე კი თავის დაკავების სხვა გზებიც გამონახა.
2026 წლის დასაწყისში, როდესაც არ ვიცოდი, როდის ვიბრძოლებდი, ცოტა რთული პერიოდი მქონდა, რადგან ბრძოლის შესახებ სიახლეს ველოდებოდი. როგორც კი თარიღი გავიგე, დავმშვიდდი და ყველაფერი კარგად იყო.
უბრალოდ, ბრძოლა ძალიან მომენატრა და ვფიქრობ, ახლა ისევ ისეთი ვიქნები, როგორიც სინამდვილეში ვარ“, - აღიარა დვალიშვილმა, რომელმაც გასული წლის დეკემბერში ტიტულის დაკარგვამდე ზედიზედ 14 ბრძოლა მოიგო.
„შეჯიბრება მიყვარს და ჭიდაობაში აქტიურობა შევინარჩუნე“, - განაგრძო ქართველმა მებრძოლმა, რომელმაც თავისუფალი სტილით ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle-ის ეგიდით 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ვფიქრობ, ეს დამეხმარა, რომ ყურადღება კონკრეტულ მიზანზე გადამეტანა, შეჯიბრებისთვის მოვმზადებულიყავი, მაყურებლის წინაშე გამოვსულიყავი და ზეწოლა მეგრძნო. საქართველოში ათასობით ადამიანის, ჩემი ხალხის, წინაშე ვიჭიდავე და ეს სრულიად განსხვავებული წნეხი იყო.
კიდევ ერთი გამოცდილება მივიღე და ვგრძნობ, რომ სულ უფრო და უფრო ვუმჯობესდები“, - დაამატა მან.
ახლა მერაბს იმედი აქვს, რომ მიღებულ გამოცდილებასა და კარგ განწყობას შაბათს, ეტიჰად არენაზე გამოიყენებს, სადაც პიოტრ იანს მესამედ დაუპირისპირდება.
ეს მათი ზედიზედ მე-2 შეხვედრა იქნება, რომელშიც სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გათამაშდება.
მათი პირველი დაპირისპირება 2023 წლის მარტში შედგა. იმ პერიოდში დვალიშვილი ხანგრძლივი გამარჯვებების სერიის შუაგულში იყო, რომელმაც საბოლოოდ საჩემპიონო ტიტულამდე მიიყვანა.
იანი კი ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ გამოდიოდა. ორივე შემთხვევაში რუსმა მებრძოლმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო, რამაც ის დროებით საჩემპიონო პრეტენდენტთა შორის მოწინავე პოზიციებს ჩამოაშორა.
ამავდროულად, დვალიშვილმა დამაჯერებელი გამარჯვებით საკუთარი ადგილი საჩემპიონო ბრძოლისთვის პრეტენდენტთა შორის კიდევ უფრო განიმტკიცა.
ქართველმა UFC-ის რეკორდი დაამყარა, ერთ ბრძოლაში მეტოქის პარტერში გადაყვანა 49-ჯერ სცადა.
ამ მცდელობებიდან 11 წარმატებული აღმოჩნდა. მერაბმა თავისი დაუღალავი ჭიდაობით რუსს შეტევითი პოტენციალის გამოვლენის საშუალება არ მისცა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. სამივე მსაჯმა ბრძოლა დვალიშვილის სასარგებლოდ, ანგარიშით 50:45 შეაფასა.
ამის შემდეგ ყოფილმა ჩემპიონმა იანმა მდგომარეობა გამოასწორა და ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა.
გასულ წელს, განმეორებითი ბრძოლის წინ, რუსი აცხადებდა, რომ პირველ შეხვედრაში ტრავმით იბრძოდა და პირობას დებდა, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ასეც მოხდა.
იანმა დვალიშვილის ჭიდაობა გაანეიტრალა და ქართველს 29 მცდელობიდან მეტოქის პარტერში გადაყვანა მხოლოდ 2-ჯერ გამოუვიდა. თავად რუსმა კი 9 მცდელობიდან 5 წარმატებით დაასრულა.
ამასთან, იანი დგომშიც აშკარად სჯობდა მოქმედ ჩემპიონს. საბოლოოდ, მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის 2-გზის ჩემპიონი გახდა.
მათი დაპირისპირების მე-3 რაუნდი შაბათს შედგება და დვალიშვილი ამისთვის მზადაა.
„შესანიშნავი ბრძოლა იქნება“, - განაცხადა მან ღიმილით.
ერთმანეთს მესამედ ვხვდებით. პირველი ბრძოლა ცალმხრივი იყო და მე მოვიგე. მეორე ბრძოლაც ცალმხრივი გამოდგა, მაგრამ ამჯერად ჩემთვის ძალიან ცუდად დასრულდა. ახლა მჯერა, რომ გავიმარჯვებ, რადგან ვფიქრობ, მასზე ბევრად უკეთესი მებრძოლი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო. ბევრს და ჭკვიანურად ვმუშაობდი. ახლა მხოლოდ ის მჭირდება, რომ ოქტაგონზე გავიდე, ჩემი საქმე გავაკეთო და გამარჯვება მოვიპოვო. ამის შემდეგ სიმშვიდეს ვიგრძნობ.
მომდევნო კვირაში კი უბრალოდ დავისვენებ და ამ მომენტით დავტკბები“, - თქვა ქართველმა.
ამ სიტყვებზე მერაბს გაეცინა, რადგან თავადაც კარგად იცის, რომ მისი ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. შემდეგ კი განმარტა, რას ნიშნავს მისთვის შაბათს გამარჯვება.
„ეს ჩემთვის, უბრალოდ, სიმშვიდე იქნება“,- აღნიშნა დვალიშვილმა, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად დაფიქრებული და გულწრფელი ჩანდა.
ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და რასაც მივაღწიე. ჩემთვის UFC-ში ბრძოლაც კი ოცნება იყო, ახლა კი ამ ოცნებით ვცხოვრობ. ოქტაგონზე გავალ, მაქსიმუმს გავაკეთებ და, მოვიგებ თუ წავაგებ, მაინც ბედნიერი ვიქნები. მაგრამ ამ ბრძოლაში გამარჯვება შინაგან სიმშვიდეს მომიტანს. შევძლებ, გავიღიმო, დავისვენო და ერთი კვირის განმავლობაში მომდევნო ბრძოლაზე არ ვიფიქრო.
ეს შესანიშნავი მომენტი იქნება, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ვარჯიშს ისევ დავიწყებ. საკუთარ თავს კარგად ვიცნობ“, - დაამატა მერაბმა.
როდესაც ჰკითხეს, რა იქნება საჭირო პიოტრ იანის დასამარცხებლად და საჩემპიონო ტიტულის დასაბრუნებლად, დვალიშვილმა მარტივად უპასუხა:
უბრალოდ, საკუთარი თავი უნდა ვიყო, ჩემი ბრძოლა ვიბრძოლო და მაქსიმუმი გავაკეთო. ვიცი, რომ თუ ამ ყველაფერს ერთად მოვუყრი თავს, ამ ბრძოლის მოგებას შევძლებ.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები