-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართველმა სპორტსმენმა ორგანიზაციაში არაერთი შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა და რამდენიმე მნიშვნელოვან სტატისტიკურ კატეგორიაში ყველა დროის საუკეთესო მებრძოლებს შორის იმყოფება.
UFC-ის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დვალიშვილი განსაკუთრებით გამოირჩევა წარმატებული თეიქდაუნების რაოდენობით, თუმცა მისი მიღწევები მხოლოდ ჭიდაობით არ შემოიფარგლება.
ყველაზე მეტი წარმატებული თეიქდაუნი - პირველი ადგილი
მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყველა დროის რეკორდსმენია წარმატებული თეიქდაუნების რაოდენობით. ქართველმა მებრძოლმა მეტოქეები პარტერში 119-ჯერ გადაიყვანა.
ამ მაჩვენებლით დვალიშვილი მნიშვნელოვნად უსწრებს მეორეადგილოსან ჟორჟ სენ-პიერს, რომლის ანგარიშზეც 90 წარმატებული თეიქდაუნია.
ზედიზედ გამარჯვებები - მე-4 ადგილი
დვალიშვილის ანგარიშზე UFC-ში ზედიზედ 14 გამარჯვებაა. ამ შედეგით ქართველი მებრძოლი ორგანიზაციის ისტორიაში მე-4 პოზიციას იკავებს.
რეიტინგის ლიდერი ისლამ მახაჩევია 17 გამარჯვებით, მას ანდერსონ სილვა (16) და კამარუ უსმანი (15) მოსდევენ.
მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებები - მე-3 ადგილი
მერაბ დვალიშვილმა UFC-ში 12 ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. ამ მაჩვენებლით ის მე-3 ადგილს 8 სხვა მებრძოლთან ერთად იყოფს.
რეიტინგის ლიდერები ბრედ ტავარესი და ნილ მაგნი არიან, რომელთა ანგარიშზეც 14-14 გამარჯვებაა, მერაბს კი იანთან გადაწყვეტილებით გამარჯვების შემთხვევაში შეუძლია ლიდერებს მიუახლოვდეს.
ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა - მე-3 ადგილი
UFC-ში მერაბ დვალიშვილს 2 782 ზუსტი დარტყმა აქვს შესრულებული, რაც ორგანიზაციის ისტორიაში მე-3 შედეგია.
ამ კატეგორიაში პირველ ადგილს მაქს ჰოლოუეი 3 994 დარტყმით იკავებს, ხოლო მეორეზე ნილ მაგნია 2 790 დარტყმით. აღსანიშნავია, რომ დვალიშვილს მეორე ადგილამდე მხოლოდ 8 დარტყმა აშორებს, ასე რომ ამ შედეგის გაუმჯობესაბასაც იანთან დაპირისპირებაში უნდა ველოდოთ.
ბრძოლის საშუალო ხანგრძლივობა - მე-8 ადგილი
მერაბ დვალიშვილის ბრძოლების საშუალო ხანგრძლივობა UFC-ში 17 წუთსა და 36 წამს შეადგენს.
ამ მაჩვენებლით ქართველი ორგანიზაციის ისტორიაში მე-8 პოზიციაზეა იმ სპორტსმენებს შორის, რომლებსაც UFC-ში მინიმუმ 5 ბრძოლა აქვთ ჩატარებული.
რეიტინგს ვალენტინა შევჩენკო ლიდერობს - 19 წუთი და 4 წამი. საინტერესოა, რომ მე-7 ადგილზე პიოტრ იანია, რომლის ბრძოლების საშუალო ხანგრძლივობა 17 წუთსა და 38 წამს შეადგენს.
მერაბ დვალიშვილის სტატისტიკა ნათლად აჩვენებს მის გამორჩეულ გამძლეობას, ბრძოლის მაღალ ტემპსა და ჭიდაობის ეფექტიანობას.
ქართველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში უკვე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია, ხოლო მისი შედეგები ორგანიზაციის ყველა დროის რეკორდების წიგნში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
რა თქმა უნდა, ეს მერაბ დვალიშვილის სტატისტიკური მაჩვენებლების არასრული ჩამონათვალია და ქართველი მებრძოლის სახელს კიდევ ბევრი გამორჩეული მაჩვენებელი უკავშირდება.
მერაბი თავისი შედეგების გაუმჯობესებას 24 ოქტომბერს აბუ დაბიში პიოტრ იანის წინააღმდეგ შეეცდება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები