-
Aa
+
ფონტის ზომა
შაბათს, აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი პიოტრ იანი და ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ეს მათი მესამე შეხვედრა იქნება და ორგანიზაციის ისტორიაში მე-20 ტრილოგია შედგება.
ამ უქმეების მთავარი ბრძოლის მონაწილეები, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დაუმარცხებელი პრეტენდენტი მოვსარ ევლოევი, ერთმანეთს პირველად შეხვდებიან, თუმცა ვოლკანოვსკის UFC-ის ტრილოგიაში მონაწილეობა უკვე მიღებული აქვს. რამდენიმე წლის წინ მაქს ჰოლოუეისთან მისი სამბრძოლიანი დაპირისპირება სრულიად განსხვავებულად განვითარდა იმისგან, რაც UFC 333-ის მეორე მთავარ ბრძოლაში გველის. ეს დანამდვილებით ვიცით. რატომ? ამის გასაგებად კითხვა განაგრძეთ.
რამდენად სიმბოლურია, რომ შაბათის ღონისძიების ნომერი 333-ია - თითქოს შემთხვევითი მინიშნებაა იმაზე, რომ როცა UFC სამ ერთნაირ კარტს არიგებს, მოგებული კომბინაცია გულშემატკივრებს რჩებათ. უმეტეს შემთხვევაში მაინც.
ტრილოგიები ერთმანეთისგან მასშტაბითაც განსხვავდება და შინაარსითაც. სპორტის არაერთ უდიდეს ვარსკვლავს ერთ ან რამდენიმე ასეთ დაპირისპირებაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა UFC-ის სულ მცირე ერთი სამბრძოლიანი სერია ისეთი მებრძოლების მონაწილეობით გაიმართა, რომელთა სახელებიც ახალ გულშემატკივრებს, ალბათ, არც გაუგიათ. ზოგი ტრილოგიის სამივე შეხვედრაში სასწორზე საჩემპიონო ქამარი იდო, სხვებს კი მხოლოდ მწვავე პირადი დაპირისპირება ამოძრავებდა, რაც ბრძოლებს მნიშვნელობას სულაც არ უკარგავდა. რამდენიმე ტრილოგია ცალმხრივი აღმოჩნდა, ორიოდე კი ისე დასრულდა, რომ უკეთესის ვინაობა ვერ გაირკვა. ყველაფერი დავთვალეთ.
ტრილოგიები MMA-ის სხვა ორგანიზაციებსაც გაუმართავთ, ზოგი დაპირისპირება კი რამდენიმე ორგანიზაციაში გაგრძელებულა. თუმცა ამ ჩამონათვალში მხოლოდ ის 19 ტრილოგიაა შესული, რომელთა სამივე ბრძოლა UFC-ში ჩატარდა. ისინი მსგავსებებისა და განმასხვავებელი ნიშნების მიხედვით დავაჯგუფეთ.
ესტაფეტის გადაცემა
ტრილოგიები, რომლებშიც პირველი ბრძოლის გამარჯვებული სპორტის მწვერვალზე იდგა, მესამე შეხვედრისთვის კი MMA-ის წამყვან მებრძოლად მისი მეტოქე იქცა.
შედეგები:
UFC 43, 2003 წლის 6 ივნისი: კუტიურმა ლიდელი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ნახევრად მძიმე წონის დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 52, 2005 წლის 16 აპრილი: ლიდელმა კუტიური პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 57, 2006 წლის 4 თებერვალი: ლიდელმა კუტიური მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
აღსანიშნავია: მეორე შეხვედრის წინ ლიდელი და კუტიური რეალითი-შოუ The Ultimate Fighter-ის პირველ სეზონში მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელები იყვნენ. UFC-ის ხელმძღვანელი დანა უაითი ხშირად ამბობს, რომ სწორედ ამ შოუმ შეუნარჩუნა ორგანიზაციას არსებობის შესაძლებლობა. სატელევიზიო გამოსვლებით, ერთმანეთისგან განსხვავებული საბრძოლო სტილითა და ხასიათით ლიდელი და კუტიური MMA-ს ფართო სპორტულ აუდიტორიამდე მიღწევაში დაეხმარნენ. კუტიური მხოლოდ სამი მებრძოლიდან ერთ-ერთია, რომელსაც UFC-ის ორ ტრილოგიაში მიუღია მონაწილეობა. დანარჩენები ტიტო ორტიზი და მეტ ჰიუზი არიან. ლიდელთან დაპირისპირების გარდა, კუტიურმა სამი ბრძოლა ვიტორ ბელფორტთანაც ჩაატარა.
UFC 50, 2004 წლის 22 ოქტომბერი: ჰიუზმა სენ-პიერი პირველ რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა და ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
UFC 65, 2006 წლის 18 ნოემბერი: სენ-პიერმა ჰიუზი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 79, 2007 წლის 29 დეკემბერი: სენ-პიერმა ჰიუზი მეორე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა და ნახევრად საშუალო წონის დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია: ეს UFC-ის ერთადერთი ტრილოგიაა, რომელშიც ერთზე მეტი ბრძოლა დანებებით დასრულდა. UFC 50-ზე ჰიუზმა ხელის მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა, UFC 79-ზე კი სენ-პიერმა ტრილოგიას წერტილი იმავე ილეთით დაუსვა. დგომში ბრძოლაში კი GSP დომინირებდა. მეორე შეხვედრაში ზუსტი დარტყმებით მან ჰიუზს 49:10 აჯობა და ორჯერ ნოკდაუნშიც ჩააგდო. მესამე ბრძოლაში დარტყმების შეფარდება 97:10 იყო.
გამაოგნებელი დასაწყისი... და დასასრული
ტრილოგიები, რომლებიც მოულოდნელი ნოკაუტით დაიწყო, შემდეგ კი პირველ ბრძოლაში დამარცხებულმა ზედიზედ ორი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
შედეგები:
UFC on Fox, 2011 წლის 12 ნოემბერი: დოს სანტოსმა ველასკესი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 155, 2012 წლის 29 დეკემბერი: ველასკესმა დოს სანტოსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 166, 2013 წლის 19 ოქტომბერი: ველასკესმა დოს სანტოსი მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
აღსანიშნავია: პირველი ბრძოლა ერთ წუთზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა - დოს სანტოსმა, ფაქტობრივად, ერთი დარტყმით მოიგო. განმეორებითი და მესამე შეხვედრები კი სრულიად საპირისპიროდ წარიმართა. მეორე ბრძოლაში ველასკესი JDS-ს მთელი 25 წუთის განმავლობაში სჯაბნიდა, რაც ერთ-ერთი მსაჯის შეფასებაშიც აისახა - მან ორი რაუნდი ველასკესს 10:8 მოუგო. ველასკესი UFC-ის პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში მნიშვნელოვანი დარტყმების სამნიშნა (111), ხოლო თეიქდაუნების ორნიშნა (11) მაჩვენებელს მიაღწია.
შედეგები:
UFC 226, 2018 წლის 7 ივლისი: კორმიემ მიოჩიჩი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 241, 2019 წლის 17 აგვისტო: მიოჩიჩმა კორმიე მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 252, 2020 წლის 15 აგვისტო: მიოჩიჩმა კორმიე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
აღსანიშნავია: მიოჩიჩთან პირველი შეხვედრის დროს კორმიე ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონი იყო. მძიმე წონის მეფის აპერკოტით დამარცხების შემდეგ ის UFC-ის მეორე მებრძოლი გახდა, რომელიც ერთდროულად ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონობდა. მომდევნო ორ შეხვედრაში მიოჩიჩმა რევანში აიღო. მესამე ბრძოლაში გამარჯვებით ის UFC-ის მძიმე წონის სატიტულო ბრძოლებში მოგებების რაოდენობით კუტიურს გაუთანაბრდა - ორივეს ექვსი გამარჯვება ჰქონდა.
გამარჯვება, მარცხი და ისევ გამარჯვება
ტრილოგიები, რომლებშიც პირველი ბრძოლის გამარჯვებული მეორეში დამარცხდა, მესამეში კი კვლავ გაიმარჯვა - იშვიათი შემთხვევა.
შედეგები:
UFC 15, 1997 წლის 17 ოქტომბერი: კუტიურმა ბელფორტი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
UFC 46, 2004 წლის 31 იანვარი: ბელფორტმა კუტიური პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 49, 2004 წლის 21 აგვისტო: კუტიურმა ბელფორტი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია: პირველ შეხვედრამდე ბელფორტი 20 წლის იყო და პროფესიონალებში ოთხივე ბრძოლა მოგებული ჰქონდა - ყველა ნოკაუტით, არაუმეტეს ერთი წუთისა და 17 წამისა. თუმცა 34 წლის კუტიურმა მისი აღმასვლა მკვეთრად შეაჩერა. ექვსი წლის შემდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაში ბელფორტმა 49 წამში გაიმარჯვა: მისი ხელთათმანი კუტიურს თვალზე გაესვა, რქოვანა დაუზიანა და ოქტაგონთან მყოფმა ექიმმა ბრძოლა შეაჩერა. მესამე შეხვედრაში კუტიური ბელფორტს სამი რაუნდის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდა, რის შემდეგაც ექიმმა ბრძოლის შეწყვეტა გადაწყვიტა. ეს UFC-ის ერთადერთი ტრილოგიაა, რომელშიც ორი შეხვედრა ექიმის გადაწყვეტილებით შეწყდა.
შედეგები:
UFC 46, 2004 წლის 31 იანვარი: პენმა ჰიუზი პირველ რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 63, 2006 წლის 23 სექტემბერი: ჰიუზმა პენი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
აღსანიშნავია: მსუბუქი წონის ჩემპიონობის მოპოვების ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პენი ნახევრად საშუალო წონაში გადავიდა და მოულოდნელი გამარჯვებით ქამარს დაეუფლა. ამით მან ჰიუზის ორწლიანი ჩემპიონობა და 13-მატჩიანი გამარჯვებების სერია დაასრულა. ჰიუზმა განმეორებითი ბრძოლა მოიგო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა პენმა ტრილოგია შთამბეჭდავად დაასრულა - ჰიუზი 21 წამში ნოკაუტში ჩააგდო. ეს UFC-ის ტრილოგიებში ყველაზე სწრაფი დასრულებაა.
ახლა უკვე ძალის დემონსტრირებაა
ტრილოგიები, რომლებიც 3:0 დასრულდა.
შედეგები:
UFC 40, 2002 წლის 12 ნოემბერი: ორტიზმა შემროკი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
UFC 61, 2006 წლის 8 ივლისი: ორტიზმა შემროკი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
UFC Ortiz vs. Shamrock 3, 2006 წლის 10 ოქტომბერი: ორტიზმა შემროკი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღსანიშნავია: მტრობის სიმწვავით ამ ტრილოგიას ბადალი ნამდვილად არ ჰყავს და შესაძლოა, ცალმხრივობითაც გამორჩეული იყოს. კონფლიქტი მას შემდეგ გაღვივდა, რაც თავხედი ორტიზი შემროკის სახელგანთქმული დარბაზის, Lion’s Den-ის მებრძოლებს ამარცხებდა, შემდეგ კი გუნდს უხამსი ჟესტებითა და სპეციალურად დამზადებული მაისურებით დასცინოდა. ორტიზი და შემროკი ერთმანეთს საბოლოოდ UFC 40-ზე შეხვდნენ. ბრძოლისადმი ინტერესი უზარმაზარი იყო და დაძაბულმა წინასაბრძოლო პერიოდმა ფასიანი ტრანსლაციის გაყიდვები გააორმაგა იმ მაჩვენებელთან შედარებით, რაც UFC-ს მანამდე ოდესმე ჰქონია.
შედეგები:
UFC 112, 2010 წლის 10 აპრილი: ედგარმა პენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 118, 2010 წლის 28 აგვისტო: ედგარმა პენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
The Ultimate Fighter 19 Finale, 2014 წლის 6 ივლისი: ედგარმა პენი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღსანიშნავია: პენი, რომელსაც მსუბუქ წონაში რვა წლის განმავლობაში არ წაეგო, პირველ შეხვედრაში ტოტალიზატორების თითქმის 8:1 ფავორიტი იყო. ედგარმა დაძაბულ ბრძოლაში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა განმეორებითი შეხვედრის წინ ფავორიტად კვლავ პენი მიიჩნეოდა. ედგარმა მეორე ბრძოლა უფრო დამაჯერებლად მოიგო - სამივე მსაჯის ბარათზე ანგარიში 50:45 იყო - შემდეგ კი ტრილოგია ნოკაუტით დაასრულა. UFC-ის 19 ტრილოგიიდან 11-ის მესამე შეხვედრა ვადაზე ადრე დასრულდა. თუმცა მხოლოდ ორში მოხდა ისე, რომ მსაჯების გადაწყვეტილებამდე მისული ზედიზედ ორი ბრძოლის შემდეგ მესამე ვადაზე ადრე დასრულდა - ორივე ტრილოგიაში ედგარი მონაწილეობდა. მეორე მისი და გრეი მეინარდის დაპირისპირება იყო.
შედეგები:
UFC 245, 2019 წლის 14 დეკემბერი: ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 251, 2020 წლის 11 ივლისი: ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
UFC 276, 2022 წლის 2 ივლისი: ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
აღსანიშნავია: ის, რომ ტრილოგია 3:0 დასრულდა, არ ნიშნავს, რომ ვოლკანოვსკის იოლად ჰქონდა საქმე. მეორე შეხვედრაში ჰოლოუეიმ ის პირველ ორ რაუნდში თითო-თითოჯერ ნოკდაუნში ჩააგდო და ჩემპიონს ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუხდა. სამივე ბრძოლაში ჰოლოუეიმ ვოლკანოვსკის სრული ხუთი რაუნდის ჩატარება აიძულა. ოქტაგონში გატარებული ჯამური 75 წუთით ეს UFC-ის ყველაზე ხანგრძლივი ტრილოგიაა.
მოდი, ყაიმზე შევთანხმდეთ
ტრილოგიები, რომლებიც თითო გამარჯვებითა და ერთი ფრით დასრულდა.
შედეგები:
UFC Fight Night, 2008 წლის 2 აპრილი: მეინარდმა ედგარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC 125, 2011 წლის 1 იანვარი: მეინარდისა და ედგარის ბრძოლა მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულისთვის მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა.
UFC 136, 2011 წლის 8 ოქტომბერი: ედგარმა მეინარდი მეოთხე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
აღსანიშნავია: მეორე შეხვედრაში UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შემოტრიალება და ყველაზე დასამახსოვრებელი ფრე ვიხილეთ. პირველ რაუნდში მეინარდმა ედგარი სამჯერ ჩააგდო ნოკდაუნში და ზუსტი დარტყმებით 47:10 აჯობა. სამივე მსაჯმა რაუნდი 10:8 შეაფასა. ედგარი იმდენად იყო გაბრუებული, რომ მომდევნო რაუნდებიდან არაფერი ახსოვს. შესანიშნავი ბრძოლა „გამოტოვა“. ბოლო შეხვედრაც ედგარისთვის ცუდად დაიწყო, თუმცა ამჯერად მან ვითარება შეცვალა და ბრძოლა მოგვიანებით ნოკაუტით დაასრულა, რითაც ურთიერთშეხვედრების ანგარიში დამაჯერებლად გაათანაბრა.
შედეგები:
UFC 285, 2023 წლის 4 მარტი: გრასომ შევჩენკო მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ქალთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
Noche UFC, 2023 წლის 16 სექტემბერი: შევჩენკოსა და გრასოს ბრძოლა ქალთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტულისთვის მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა.
UFC 306, 2024 წლის 14 სექტემბერი: შევჩენკომ გრასო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქალთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია: UFC-ის ისტორიაში ქალთა ერთადერთი ტრილოგია სენსაციური შედეგით დაიწყო. გრასომ შევჩენკოს მოუფიქრებელი ბრუნვითი შეტევით ისარგებლა, ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა და სწრაფად ჩაკეტა მახრჩობელა ილეთი, რითაც ჩემპიონის ექვსწლიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა. დაძაბულ მეორე შეხვედრაში გრასომ ტიტული მცირე უპირატესობით შეინარჩუნა. მესამე ბრძოლაში შევჩენკომ სტრატეგია შეცვალა და დომინანტური გამარჯვება მოიპოვა. ჭიდაობაზე აქცენტმა მას ხუთივე რაუნდში სულ მცირე თითო თეიქდაუნი, პარტერში კონტროლის 16 წუთი და სამივე მსაჯის ბარათზე 50:45 მოუტანა.
გახსოვარ?
ტრილოგიები, რომლებშიც ბრძოლებს შორის სულ მცირე შვიდწლიანი შუალედი იყო.
შედეგები:
UFC 143, 2012 წლის 4 თებერვალი: პორიემ ჰოლოუეი პირველ რაუნდში დანებებით დაამარცხა და მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 236, 2019 წლის 13 აპრილი: პორიემ ჰოლოუეი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC 318, 2025 წლის 19 ივლისი: ჰოლოუეიმ პორიე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და BMF-ის ტიტული დაიცვა.
აღსანიშნავია: პირველი შეხვედრა 20 წლის ჰოლოუეის სადებიუტო ბრძოლა იყო UFC-ში, 13 წლის შემდეგ გამართული ბოლო დაპირისპირება კი პორიესთვის კარიერის დასკვნითი ბრძოლა აღმოჩნდა. მესამე შეხვედრის მოგებით ჰოლოუეი პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ტრილოგიის მესამე ბრძოლა პირველი ორის წაგების შემდეგ მოიგო.
შედეგები:
UFC on Fox, 2015 წლის 19 დეკემბერი: უსმანმა ედვარდსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC 278, 2022 წლის 20 აგვისტო: ედვარდსმა უსმანი მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 268, 2023 წლის 18 მარტი: ედვარდსმა უსმანი მსაჯების უმრავლესობის გადაწყვეტილებით დაამარცხა და ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
აღსანიშნავია: უსმანს ამ დაპირისპირებაში 2:0 დაწინაურებამდე მხოლოდ 58 წამი აშორებდა, როცა ედვარდსის მოულოდნელმა ფეხის დარტყმამ თავში ყველაფერი შეცვალა. უსმანს ზედიზედ 15 ბრძოლა ჰქონდა მოგებული და იმ დროისთვის UFC-ის ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებების სერიით ანდერსონ სილვას რეკორდის გამეორებას უახლოვდებოდა. იმ მოულოდნელი მარცხის შემდეგ მისი შედეგია ერთი გამარჯვება და სამი წაგება, მათ შორის კიდევ ერთი მარცხი ედვარდსთან.
ქამრის გარეშე, მხოლოდ მცირე დიდებისთვის
ტრილოგიები, რომელთა არცერთ ბრძოლაში საჩემპიონო ტიტული არ თამაშდებოდა.
შედეგები:
UFC 58, 2006 წლის 4 მარტი: სტაუტმა ფიშერი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC Fight Night, 2007 წლის 12 ივნისი: ფიშერმა სტაუტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC on FX, 2012 წლის 22 ივნისი: სტაუტმა ფიშერი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
აღსანიშნავია: პირველი შეხვედრა სტაუტისთვის UFC-ში დებიუტი იყო და, როგორც ჩანს, ორივე მებრძოლი მხოლოდ ხურდებოდა. განმეორებითმა და მესამე შეხვედრებმა საღამოს საუკეთესო ბრძოლის ბონუსები დაიმსახურა. მესამე დაპირისპირებას სტაუტისთვის დამატებითი ემოციური დატვირთვაც ჰქონდა - ეს მისი პირველი ბრძოლა იყო მწვრთნელისა და დის ქმრის, შონ ტომპკინსის, გარდაცვალების შემდეგ.
შედეგები:
UFC 59, 2006 წლის 15 აპრილი: ორტიზმა გრიფინი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC 106, 2009 წლის 21 ნოემბერი: გრიფინმა ორტიზი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC 148, 2012 წლის 7 ივლისი: გრიფინმა ორტიზი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
აღსანიშნავია: ორივე მებრძოლი 205-გირვანქიანი დივიზიონის ჩემპიონი იყო, თუმცა ერთმანეთთან გამართული სამი შეხვედრიდან არცერთის დროს ქამარს არ ფლობდნენ. სამივე ბრძოლა ორტიზის 2000-2003 წლების ჩემპიონობის შემდეგ გაიმართა. პირველი შეხვედრა წინ უსწრებდა გრიფინის 2008 წლის ჩემპიონობას, დანარჩენი ორი კი მას შემდეგ ჩატარდა, რაც მან იმავე წლის ბოლოს ქამარი დაკარგა. მესამე ბრძოლა გრიფინისთვის კარიერის დასასრული იყო, ორტიზისთვის კი UFC-ში ბოლო გამოსვლა.
შედეგები:
UFC on Versus, 2011 წლის 26 ივნისი: ოლივეირასა და ლენცის ბრძოლა არშემდგარად გამოცხადდა.
UFC Fight Night, 2015 წლის 30 მაისი: ოლივეირამ ლენცი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
UFC Fight Night, 2019 წლის 18 მაისი: ოლივეირამ ლენცი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღსანიშნავია: თავდაპირველად ჩანდა, რომ პირველი ბრძოლა მეორე რაუნდში ოლივეირას მიერ ზურგიდან შესრულებული მახრჩობელა ილეთით დასრულდა. თუმცა პენსილვანიის შტატის სპორტულმა კომისიამ დაადგინა, რომ ოლივეირამ მანამდე აკრძალული მუხლის დარტყმა შეასრულა, რის გამოც შედეგი გაუქმდა და ბრძოლა არშემდგარად გამოცხადდა. ამ შეხვედრისთვის ორივე მებრძოლმა საღამოს საუკეთესო ბრძოლის ბონუსი მიიღო, ისევე როგორც მეორე დაპირისპირების შემდეგ.
შედეგები:
UFC 178, 2014 წლის 27 სექტემბერი: მაკგრეგორმა პორიე პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
UFC 257, 2021 წლის 23 იანვარი: პორიემ მაკგრეგორი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
UFC 264, 2021 წლის 10 ივლისი: პორიემ მაკგრეგორი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღსანიშნავია: პირველი და მეორე შეხვედრების შვიდწლიანი შუალედის გამო ეს დაპირისპირება „გახსოვარ?“ კატეგორიაშიც მოხვდებოდა. თუმცა ამ ტრილოგიას სხვებისგან ყველაზე მეტად მაკგრეგორის ვარსკვლავური სტატუსი გამოარჩევს. ის UFC-ის ისტორიაში ფასიანი ტრანსლაციების გაყიდვებით შვიდი ყველაზე წარმატებული ღონისძიების მთავარი მონაწილე იყო. 2021 წელს პორიესთან მის ორ ბრძოლაზე მეტი მხოლოდ ხაბიბ ნურმაგომედოვთან და ნეიტ დიასთან დაპირისპირებები გაიყიდა. სწორედ პორიესთან ბრძოლებში განიცადა მაკგრეგორმა MMA-ის კარიერაში ნოკაუტით პირველი ორი მარცხი. მეორე შემთხვევაში შეხვედრა ექიმის გადაწყვეტილებით შეწყდა მას შემდეგ, რაც მარცხენა ფეხის დიდი და მცირე წვივის ძვლები მოიტეხა.
სამი საკმარისი არ არის?
UFC-ის ერთადერთი ტეტრალოგია და კიდევ ერთის 75%.
შედეგები:
UFC 256, 2020 წლის 12 დეკემბერი: მორენოსა და ფიგეირედოს ბრძოლა კაცთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტულისთვის მსაჯების უმრავლესობის გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა.
UFC 263, 2021 წლის 12 ივნისი: მორენომ ფიგეირედო მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და კაცთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 270, 2022 წლის 22 იანვარი: ფიგეირედომ მორენო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და კაცთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 283, 2023 წლის 21 იანვარი: მორენომ ფიგეირედო მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და კაცთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია: ამ ორმა უმსუბუქესი წონის მებრძოლმა 25 თვეში ოთხი შეხვედრა ჩაატარა - უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრი ორბრძოლიანი დაპირისპირება სრულდება. ოთხივე ბრძოლაში მორენომ და ფიგეირედომ არაერთი ამაღელვებელი მომენტი შექმნეს და ჯამში ზუსტად 700 ზუსტი დარტყმა შეასრულეს. მეორე შეხვედრა მორენოსთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მიღწევა იყო - ის მექსიკაში დაბადებული პირველი UFC-ის ჩემპიონი გახდა.
შედეგები:
UFC 51, 2005 წლის 5 თებერვალი: არლოვსკიმ სილვია პირველ რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა და მძიმე წონის დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 59, 2006 წლის 15 აპრილი: სილვიამ არლოვსკი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
UFC 61, 2006 წლის 8 ივლისი: სილვიამ არლოვსკი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
One FC 5, 2012 წლის 31 აგვისტო: სილვიასა და არლოვსკის ბრძოლა One Championship-ში არშემდგარად გამოცხადდა.
აღსანიშნავია: პირველი შეხვედრა 47 წამს გაგრძელდა - არლოვსკიმ მეტოქე სწრაფად ჩააგდო ნოკდაუნში და ბრძოლა ფეხის მტკივნეული ილეთით დაასრულა. განმეორებით შეხვედრაში მან თითქმის იგივე გაიმეორა და სილვია პირველი რაუნდის შუაში კვლავ ნოკდაუნში ჩააგდო. თუმცა, როცა შერყეული სილვია ფეხზე წამოდგა და არლოვსკი ბრძოლის დასასრულებლად წინ წავიდა, სილვიამ მოკლე აპერკოტი მოარტყა და ურთიერთშეხვედრების ანგარიში გაათანაბრა. UFC-ში მათი ბოლო დაპირისპირება ტაქტიკურ, ფრთხილ სპარინგს დაემსგავსა, რაც მოსალოდნელიც იყო ორი მებრძოლისგან, რომლებსაც ერთმანეთის დარტყმის ძალა უკვე გამოცდილი ჰქონდათ. ასევე მოსალოდნელი იყო, რომ უკმაყოფილო მაყურებელზე ეს შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები