მადრიდის რეალში შექმნილი მძიმე სპორტული კრიზისისა და გულშემატკივრების მხრიდან უდიდესი წნეხის ფონზე, კილიან მბაპემ ვრცელ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
ფრანგმა ფორვარდმა გაამჟღავნა, რომ მისი ბავშვობის კერპი ახლა მისი პირადი მენტორი და ახლო მეგობარია.
კერპიდან პირად მენტორამდე
მბაპეს არასდროს დაუმალავს, რომ ბავშვობაში ოთახის კედლები რონალდუს პოსტერებით ჰქონდა სავსე. თუმცა, დღეს მათი კავშირი სრულიად სხვა დონეზე გადავიდა. რეალში ადაპტაციის რთულ პერიოდში, პორტუგალიელი ლეგენდა ფრანგს გვერდში დაუდგა.
ის ახლა ჩემი მეგობარია. საოცარი გრძნობაა, როცა ადამიანი, რომელიც ბავშვობაში შენი კერპი იყო, შენი მეგობარი ხდება. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ. ის ძალიან დამეხმარა რეალში ჩემს პირველ წელს, რადგან ამ კლუბს იდეალურად იცნობს. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ
კრიზისი ბერნაბეუზე და რონალდუს ჩრდილი
მიუხედავად იმისა, რომ მოედნის მიღმა მბაპეს რონალდუს მხარდაჭერა აქვს, მოედანზე რეალობა ბევრად უფრო მკაცრია. რეალი ზედიზედ მეორე უტიტულო სეზონს ასრულებს, რის გამოც მთავარ დამნაშავედ სწორედ ფრანგი ვარსკვლავი გამოაცხადეს. კრიტიკოსები თვლიან, რომ მისი მოსვლის შემდეგ გუნდმა დინამიკა და მუშაობის ხარისხი დაკარგა, რამაც ვინისიუსთან და ბელინგემთან ტაქტიკური დისბალანსი შექმნა.
სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ინტერნეტში მბაპეს გუნდიდან გაშვების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას მილიონობით ხელმოწერა აქვს. ფანები მისგან ზუსტად იმ ლიდერულ თვისებებსა და მატჩების მარტო მოგებას ითხოვდნენ, რითაც რონალდუმ მადრიდში ეპოქა შექმნა.
მბაპე ამჟამად ტრავმირებულია და უცნობია, ითამაშებს თუ არა სეზონის დარჩენილ სამ მატჩში. მისი მთავარი მიზანი ახლა ზაფხულში გასამართი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც მან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად საკუთარი ძალა ხელახლა უნდა დაამტკიცოს.
მბაპე Vanity Fair-ის გარეკანზე - ფრანგის გულწრფელი ინტერვიუ