2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიდრატაციის შესვენებების საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დებატად იქცა.
საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ამ თემაზე მოულოდნელად გულწრფელი პოზიცია დააფიქსირა. ჟურნალისტებთან საუბრისას მბაპემ განაცხადა, რომ ფეხბურთელების აზრი ამ საკითხში გადამწყვეტი არ უნდა იყოს, რადგან მათი შეხედულებები მატჩის მიმდინარეობისა და შედეგის მიხედვით იცვლება.
მბაპეს თქმით, ფეხბურთელის განწყობა პირდაპირ არის დამოკიდებული თამაშის სცენარზე:
თუ ჩემი გუნდი დომინირებს, ასეთი პაუზა თამაშის რიტმს არღვევს და ეს არ მომწონს. ხოლო თუ ძალიან ცხელა, მაშინ ბედნიერი ვარ. ფეხბურთელები ყოველთვის ვწუწუნებთ ახალი წესების შემოღებაზე, ამიტომ უმჯობესია დრომ გვაჩვენოს, როგორ იმუშავებს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ამჟამად საფრანგეთის ნაკრები, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად რჩება, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურისთვის ემზადება. სენეგალთან გამარჯვების (3:1) შემდეგ, სადაც მბაპემ დუბლი შეასრულა, დიდიე დეშამის გუნდი ფილადელფიაში ერაყის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორშაბათს, 22 ივნისს დაგეგმილ ამ შეხვედრაში გამარჯვება ფრანგებს პლეი-ოფის საგზურს ვადაზე ადრე გაუნაღდებს.