კილიან მბაპემ გუნდში დაბრუნებაზე, წინასასეზონო მზადებასა და ჟოზე მოურინიოსთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
ფრანგი თავდამსხმელის თქმით, ის ბედნიერია ვალდებებასში დაბრუნებით და ახალ სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილებები დარჩა.
მბაპემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჟოზე მოურინიოს:
ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ვფიქრობ, ძალიან კარგია ისეთი მწვრთნელის ყოლა, როგორიც ის არის - ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ გაიმარჯვოს და როგორ მიგვიყვანოს ჩვენც გამარჯვებამდე. ეს თითოეული ფეხბურთელისთვის დიდ მოტივაციას წარმოადგენს.
წინასასეზონო მზადებასთან დაკავშირებით მბაპემ აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე ინტენსიური მუშაობის დროა:
მე ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო, რადგან ახლა არის მომენტი, როცა ყველაზე დიდი დატვირთვით ვმუშაობთ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რომ პირველივე მატჩისთვის მზად ვიყოთ.
ფრანგმა ხაზი გაუსვა, რომ გუნდის მთავარი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა:
დარწმუნებული ვარ, რომ წელს ტიტულებს მოვიგებთ. ეს გვინდა და ზუსტად ეს მოხდება. ვგრძნობ, რომ გუნდი მოტივირებულია და მთელი წლის განმავლობაში ფოკუსირებული ვიქნებით, რომ ყველა მადრიდისტას სიხარული მოვუტანოთ.
მბაპემ ასევე გაიხსენა ორი წლის წინ უეფას სუპერთასზე რეალში დებიუტი:
ეს იყო ძალიან განსაკუთრებული დღე. პირველი მატჩი ახალ გუნდთან ერთად ყოველთვის გამორჩეულია, მით უმეტეს, როცა ეს მადრიდის რეალია. თანაც, ეს იყო ფინალი და ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა - გოლი, ტიტული, ღიმილი სახეზე.
ინტერვიუს ბოლოს მან მადლობა გადაუხადა მადრიდელ გულშემატკივრებს:
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ ეს წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება და ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ.