მადრიდის რეალისა და ელჩეს მატჩის (3:2) წინ დიდი აჟიოტაჟი ატყდა.
ორივე გუნდი მოედანზე სეუტას მოსახლეობის მხარდამჭერი სპეციალური მაისურებით გავიდა, თუმცა კილიან მბაპემ, ვინისიუს ჟუნიორმა და იბრაჰიმა კონატემ აქციაში სრულფასოვანი მონაწილეობა არ მიიღეს - მათ სპეციალური სამოსი მხოლოდ მხრებამდე მიიდეს და მალევე გაიხადეს.
სეუტაში მაროკოელი მიგრანტების მასობრივი შესვლის გამო, ეს საკითხი ესპანეთში პოლიტიკურად საკმაოდ მგრძნობიარეა. მიუხედავად დიდი რეზონანსისა, მადრიდის რეალ“ ფეხბურთელების საქციელს სიმშვიდით ხვდება. კლუბის პოზიციით, არავინ არის ვალდებული, კონკრეტული პოზიცია დააფიქსიროს ან ძალდატანებით ჩაიცვას ესა თუ ის მაისური.
ამ ინციდენტს წინ უძღოდა ბეტისის მაროკოელი ვარსკვლავის, აბდესამად ეზალზულის შემთხვევა. მან სეუტას მხარდამჭერი მაისური ვილიარეალთან მატჩში სრულად მოირგო, რის გამოც თანამემამულეებისგან უდიდესი კრიტიკა და შეურაცხყოფა მიიღო.
მოგვიანებით ეზალზულიმ განმარტა, რომ მისი ჟესტი მხოლოდ სოლიდარობას გამოხატავდა რთულ ვითარებაში მყოფი ხალხის მიმართ და არა მაროკოელი ერის შეურაცხყოფას. „ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ჩემს ფესვებს ყოველთვის სიამაყით წარმოვადგენ“, - განაცხადა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.