იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში კოსტა რუნიაიჩის უდინეზემ საკუთარ მოედანზე რომასთან უმძიმესი მარცხი განიცადა და მეტოქესთან 2:5 განადგურდა.
გუნდის კრიზისი სულ უფრო ღრმავდება - უდინეზეს უკვე 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 მოგებითა და 5 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზე, გასავარდნ ზონაში იმყოფება.
გერმანელმა სპეციალისტმა გიორგი ჩაკვეტაძე ამჯერად სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვა და თამაშში 56-ე წუთზე, მაშინ ჩართო, როცა ანგარიში უკვე 1:4 იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ფეხბურთელს შეტევაში განსაკუთრებული მომენტები არ შეუქმნია, მას ერთი გამორჩეული მცდელობა მაინც ჰქონდა: გიორგი მეტოქის საჯარიმოში თამამად შევიდა, ნდიკას გასცდა, თუმცა ბოლო წამს მოლინამ ბურთის ართმევა მოახერხა.
მატჩამდე რუნიაიჩმა ჩაკვეტაძის მრავალმხრივობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი საყრდენ ზონაში დაწევა ნაწილობრივ პიოტროვსკის ფორმით და თავად გიორგის მიერ გაცდენილი მოსამზადებელი ეტაპით იყო განპირობებული.