ინტერის ფორვარდმა მეჰდი ტარემიმ თეირანის დატოვება მოახერხა.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ფეხბურთელი აშშ-ში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრა, რადგან ისრაელთან საომარი მოქმედებების გამო, ირანის საჰაერო სივრცე დაკეტილი იყო.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა თეირანის დატოვება მოახერხა, ავტომობილით 1000-ზე მეტი კილომეტრი დაფარა და მშობლიურ ბუშირში, ოჯახთან ჩავიდა.
მშობლიურ ქალაქში ჩასვლის შემდეგ ტარემი თანაგუნდელებს და ინტერის მთავარ მწვრთნელ კრისტიან კივუს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ საომარი მოქმედებებისგან საკმაოდ შორს და რაც მთავარია, უსაფრთხოდ იმყოფება.
ფეხბურთელი დამოუკიდებლად ვარჯიშობს და ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ საჰაერო სივრცე გაიხსნება და ის საკლუბო მუნდიალზე მოხვედრის შანსს მიიღებს, რაც ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა.
23 ივნისის საღამოს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც 24 საათის განმავლობაში 12-დღიან ომს ოფიციალურად დაასრულებს.