მადრიდში ეგეთი დაუწერელი კანონია: ავტობუსში ასვლისას მძღოლს უნდა მიესალმო.
თუ ფიქრებში ხარ გართული და გამომგრჩა, არავინ გიჩივლებს. ინკვიზიაციას არ გადაგცემენ, მაგრამ რადგანაც წესად აქვთ, სიზარმაცის ან უხასიათობის გამო მძღოლს სალამი არ უნდა დაუჭირო. თან ბევრი არაფერი ჯაფა გადგება - შედგამ ფეხს, ამოიკნავლებ „ოლას“, მიადებ ბარათს და იმგზავრე მერე მშვიდი სინდისით. თუ გზა გრძელი გაქვს და საქმე არაფერი, მშვიდი სინდისი და ჰორიზონტი კარგი რამაა.
აქაურ ავტობუსებში, მონიტორებზე, გაჩერებების, გადაჯდომებისა და მგზავრისთვის საინტერესო ინფორმაციის გარდა, ბევრი თავშესაქცევი რამ გადის. ვიქტორინებით დაწყებული ახალი ამბებით დამთავრებული. თუ ყურსასმენები დაგრჩა ან საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა არ გინდა, კაი რამე გასართობია.
ამასწინათ ეგეთი დღე მაქვს. ვზივარ ჩემთვის, ყურებში სევდა მუსიკის გარეშე და ფანჯარაში ქალაქის კადრების ცვლას ვუყურებ. ფიქრი ხან იქით გადახტება, ხან აქეთ. ავტობუსში იმ დროისთვის უჩვეულო სიხალვათეა. კანტიკუნტად ზის ხალხი. ისინიც თავიანთ საფიქრალში არიან. მხოლოდ ორი ბავშვი, როგორც აღმოჩნდა და-ძმა ვერ ისვენებს. ერთმანეთს ეანგლებიან, ცქმუტავენ და არაგამაღიზიანებლად ხმაურობენ. ორივეს სკოლის ფორმა აცვია. დროგამოშვებით მშვიდდებიან, სანამ ერთი მეორეს არ წაუთაქებს თავში. მერე ისევ ახლიდან იწყება ამბავი და რაწამს დედამისი უხერხულობას იგრძნობს, მთელი ავტობუსის გასაგონად ამბობს: „dos piratas” (ორი მეკობრეო). ამაზე ყველა ვიღიმით და ამ ღიმილით ვეუბნებით: „საყვარლები ეგენი. მერე რა, იცელქონ. ბავშვი ცელქი უნდა იყოს, ბავშვი ცელქობისთვისაა...“.
ავტობუსი კი მიდის, არა ჩერდება.
ორტეგა ი გასეტის გაჩერებაზე ამოდის ორი კაცი. ორივე ხნიერი, მაგრამ ერთს უფრო ამჩნევია დრო. ჰგვანან დიდი ხნის მეგობრებს, მაგრამ არიან მეტად სხვადასხვა ზნისანი. ერთს აცვია ხავერდის პიჯაკი და თეთრი, გახამებული პერანგი. ამათ შორის კი ყავისფერი ჟილეტი. შარვალი თარაზოში გასწორებული ნაკეცით და მაპრიალებული, მაღალყელიანი ფეხსაცმელი. თავზე ინდიანა ჯონსის ქუდით. მოგაგონებს კაცს, რომელიც საღამოს ერთ ჭიქა ვისკის სჯერდება, მაგრამ ერთი თუ არ დალია, ის დღე დღე არ ყოფილა.
მეორე ბარების კაცს ჰგავს. ჯინსითაა. პლაშითა და ბოტასებით.
დავაგდე ყური შორიახლოს და იმას ვცდილობ, რამენაირად, ჩემი საყველპურო ესპანურით გამოვიუცნო რას იტყვიან.
პლაშიანი ამბობს იოლად მოვიგებთო. მერე აყოლებს ქართველები რაგბიში არიან მაგრებიო.
ისე ჩანს, რომ პიჯაკიანს სპორტი არ ადარდებს და ლაპარაკი სხვა სიღრმეებში გადაყვანას ცდილობს: ლამაზი ქვეყანააო, ეუბნება. პატარაო, მაგრამ ლამაზიო.
ეს კვლავაც სპორტისკენ ექაჩება და მგონი სათადარიგო შემადგენლობაზე ეუბნება.
იმან ახსენა სვანეთი და მთები. მერე მიმიკა მისცხო ისეთი, როგორითაც რაიმე გამაოგნებლად მშვენიერის აღწერა უნდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობენ.
ამან ისევ რაგბიო.
იმან სწრაფად ჩაილაპარაკა რაღაც და გავარჩიე სიტყვა „comida” (საჭმელი). მერე კი დაბოლოება „muy, muy, muy sabrosa” (ძალიან, ძალიან, ძალიან გემრიელიო).
ამან თოფურია იციო? ეგეც ქართველიაო.
იმან ღვინოო.
ამან ძმა თოფურიაო.
იმან ცეკვაო [ილეთიც მოაყოლა. რაღაც დაისსა და აჭარულს შორის].
იქით ის ბავშვები უბათქუნებენ ერთმანეთს თავში, აქეთ ესენი. აი, დაახლოებით ისე, „იმერულ ესკიზებში“ რომ ურტყამენ თავში ერთმანეთს.
გახედა პიჯაკიანმა ეკრანს. ამ გადაძახილ-გადმოძახილში გამორჩენიათ თურმე გაჩერება.
დაიწყეს ჩხუბი და ამათი შემხედვარე ის ბავშვები გაჩუმდნენ.
წამოხტნენ და ჩავიდნენ მომდევნო გაჩერებაზე. „cabron” - უთხრა პიჯაკიანმა პლაშიანს. ნაბიჭვაროო.
მთელი ავტობუსი ამათ შევცქეროდით. ის ბავშვებიც და დედამისი, რომელმაც ეს ისტორია იდეალური რეფრენით დააგვირგვინა:
Dos piratas (ორი მეკობრე) - თქვა და ყველამ ვიცინეთ.