ESPN-ის შამს ჩარანიას ინფორმაციით, მემფის გრიზლისი ორგზის NBA All-Star ჯა მორანტს, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში ცვლის, სანაცვლოდ კი ჯერამი გრანტსა და კრის მიურეის მიიღებს.
26 წლის მორანტმა 2023 წელს ზედიზედ მეორე All-Star მატჩში მონაწილეობის შემდეგ, ბოლო 3 სეზონის განმავლობაში მოედანზე მხოლოდ 79 შეხვედრა ჩაატარა, რაც ტრავმებმა და არასპორტულმა პრობლემებმა გამოიწვია.
ბლეიზერსის უკანა ხაზი უკვე საკმაოდ გადატვირთულია გამოცდილი მოთამაშეებით. გუნდში ირიცხებიან ჯრუ ჰოლიდეი და დემიენ ლილარდი, რომელიც მილუოკი ბაქსის მიერ გაშვების შემდეგ კლუბში სამწლიანი კონტრაქტით დაბრუნდა.
მორანტს ახალბედის მაქსიმალური კონტრაქტის გაგრძელებით კიდევ ორი წელი და დაახლოებით 87 მილიონი დოლარი დარჩა მისაღები.
32 წლის ჯერამი გრანტს კონტრაქტით კიდევ ერთი სეზონი აკავშირებს კლუბთან, რის შემდეგაც 2027/28 წლების სეზონისთვის 36-მილიონიანი მოთამაშის ოფცია ექნება.
კრის მიურეი კი მომავალ ზაფხულს შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდება.
მორანტის ბოლო წლების გაცდენების ნაწილი ლიგის მიერ დაკისრებულ დისკვალიფიკაციებს უკავშირდებოდა.
2023 წლის მარტში მან ლიგისთვის საზიანო ქცევის გამო 8-მატჩიანი სასჯელი მიიღო, ხოლო 2023/24 წლების სეზონი 25-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაიწყო.
ორივე შემთხვევა Instagram Live-ის დროს ცეცხლსასროლი იარაღის ჩვენებას უკავშირდებოდა.
გასულ სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში მისი საშუალო მაჩვენებელი 19.5 ქულა იყო, ხოლო სროლის პროცენტული მაჩვენებლები კარიერაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა - 41.0% თამაშიდან და 23.5% სამქულიანებიდან.