რასელ უესტბრუკმა სოციალურ ქსელში კალათბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა და NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კარიერა 18 სეზონის შემდეგ დაასრულა.
37 წლის კალათბურთელმა კარიერის ბოლო სეზონი საკრამენტო კინგსში გაატარა. 2025/26 წლების სეზონში მან 64 შეხვედრაში საშუალოდ 15.2 ქულა, 6.7 შედეგიანი გადაცემა და 5.4 მოხსნა დააგროვა.
უესტბრუკი 2008 წლის NBA-ის დრაფტზე მე-4 ნომრად აირჩიეს. კარიერის პირველი 11 სეზონი მან ოკლაჰომა სიტი თანდერში“გაატარა და კევინ დურანტის წასვლის შემდეგ ფრენჩაიზის მთავარი სახე გახდა.
ინდივიდუალური თვალსაზრისით მისი საუკეთესო სეზონი 2016/17 წლებში იყო. უესტბრუკი საშუალოდ 31.6 ქულას, 10.7 მოხსნასა და 10.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, იმ დროისთვის სარეკორდო 42 სამმაგი დუბლი შეასრულა და NBA-ის MVP-ის ტიტულიც მოიპოვა.
შემდგომში უესტბრუკმა 4 სხვადასხვა სეზონში საშუალოდ სამმაგი დუბლი დააფიქსირა - მიღწევა, რომელიც მანამდე NBA-ის არცერთ კალათბურთელს არ ჰქონდა.
საბოლოოდ, ის ლიგის ისტორიაში სამმაგი დუბლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. რეგულარულ სეზონში უესტბრუკის ანგარიშზე 209 სამმაგი დუბლია.
კარიერის განმავლობაში გამთამაშებელი 9-ჯერ მოხვდა NBA-ის ოლ სტარის მატჩში და 9-ჯერ დასახელდა All-NBA-ის სიმბოლურ გუნდებში.
ბოლო სეზონში ის NBA-ის ისტორიაში შედეგიანი გადაცემების რაოდენობით მე-5 ადგილზე გადავიდა და ასევე გახდა ლიგის ისტორიაში პირველი მცველი, რომელმაც კარიერაში 9 000-ზე მეტი მოხსნა დააგროვა.
ოკლაჰომა სიტის შემდეგ უესტბრუკმა ითამაშა ჰიუსტონ როკეტსში, ვაშინგტონ უიზარდსში, ლოს ანჯელეს ლეიკერსში, ლოს ანჯელეს კლიპერსში, დენვერ ნაგეტსში და ბოლოს საკრამენტო კინგსში.
მართალია, NBA-ის ჩემპიონობა მის კარიერაში მიუღწეველი დარჩა, თუმცა 2012 წელს თანდერთან ერთად NBA-ის ფინალში ითამაშა, ხოლო აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ოქროს მედალიც მოიპოვა.
უესტბრუკის კარიერა განსაკუთრებით მისი დაუღალავი და ენერგიული სათამაშო სტილითა და უპრეცედენტო სტატისტიკური მაჩვენებლებით დარჩება ისტორიაში, განსაკუთრებით კი სამმაგი დუბლების რაოდენობით, რომელიც ერთ დროს თითქმის წარმოუდგენელ ნიშნულად მიიჩნეოდა.