ამერიკულ სპორტულ მედიაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა და სან-ანტონიო სპურსის შესაძლო გაცვლაზე მსჯელობენ, რომლის მიხედვითაც კალიფორნიულმა კლუბმა სანდრო მამუკელაშვილის სანაცვლოდ შესაძლოა ჯულიან შემპენი დაიმატოს.
27 წლის ქართველი ფორვარდი ლეიკერსს ზაფხულში 52-მილიონიანი კონტრაქტით შეუერთდა და მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მამუკელაშვილი საშუალოდ 23 წუთში 10.4 ქულას აგროვებს, თამაშიდან 47 პროცენტზე მაღალი სიზუსტით ისვრის, სამქულიანებს კი 38 პროცენტით იყენებს.
ლეიკერსის მიმომხილველის, ჯოვან ბუჰას პოდკასტში ერთ-ერთმა მსმენელმა მამუკელაშვილისა და სან-ანტონიოს 25 წლის ფორვარდის, ჯულიან შემპენის გაცვლის იდეა წამოაყენა. ბუჰას შეფასებით, ასეთი გარიგება შესაძლოა ორივე მხარისთვის სასარგებლო იყოს, თუმცა დასავლეთ კონფერენციის ორ ლიდერ გუნდს შორის მსგავსი ტრანსფერის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა.
საინტერესოა, რომ მამუკელაშვილი ლეიკერსში გადასვლამდე სწორედ სან-ანტონიოს ღირსებას იცავდა, შემპენიმ კი გასულ ზაფხულს სპურსთან სამწლიანი, 45-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.
შემპენი პერიმეტრზე კარგი დაცვითა და შორეული სროლებით გამოირჩევა, რაც ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის გვერდით ლეიკერსს ფლანგს მნიშვნელოვნად გაუძლიერებდა.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კალიფორნიელები ქართველი კალათბურთელის დათმობას არ იჩქარებენ. გუნდში ცენტრის პოზიციაზე დეფიციტია და უოლკერ კესლერის გარდა ამ ამპლუის სხვა გამოკვეთილი მოთამაშე არ ჰყავთ.
მამუკელაშვილის უნივერსალიზმი კი მთავარ მწვრთნელ ჯეი ჯეი რედიკს საშუალებას აძლევს, ქართველი ფორვარდი ცენტრის პოზიციაზეც გამოიყენოს, რაც შემპენის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება.