ამერიკული გამოცემა Lake Show Life წერს, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსს ოსტინ რივზის არყოფნაში ლუკა დონჩიჩის დასახმარებლად სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანობის გაუმჯობესება სჭირდება.
რივზი ტრავმის გამო ზედიზედ მეოთხე შეხვედრას გამოტოვებს, ამიტომაც შეტევაში მთავარი ტვირთი სწორედ დონჩიჩზე მოდის.
ბოლო სამ მატჩში მამუკელაშვილს შეტევაში სერიოზული ჩავარდნა აქვს და საშუალოდ 4.3 ქულას აგროვებს, თამაშიდან სროლის სიზუსტე კი 15.4 პროცენტს შეადგენს.
ქართველმა კალათბურთელმა იუტა ჯაზთან 10-დან მხოლოდ 1 სროლა გამოიყენა, მანამდე შარლოტ ჰორნეტსთან 8-დან 1, ხოლო ფინიქს სანსთან კი 8-დან 2 ბურთი ჩააგდო.
ამერიკული გამოცემა აღნიშნავს:
ლეიკერსს სჭირდება ის ბიჭი, რომელიც ატლანტა ჰოუკსის წინააღმდეგ 23 ქულას აგდებდა. მათ სჭირდებათ მამუ, რომელმაც მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ ხუთი ტრიპლი შეასრულა.
ქულების დაგროვების გარდა, ლეიკერსს სანდროს მიერ შეტევების წამოწყება და თანაგუნდელებისთვის სივრცეების შექმნაც სჭირდება, რათა შეტევითი პოტენციალი მხოლოდ დონჩიჩზე არ იყოს დამოკიდებული, რომელიც მიმდინარე სეზონში საშუალოდ 38 ქულას, 7 მოხსნასა და 8 შედეგიან გადაცემას აგროვებს.