სენტ-ეტიენთან დაახლოებულმა გამოცემამ, En Vert et Contre Tous-მა კლუბის სატრანსფერო გეგმებსა და ზურიკო დავითაშვილის მომავალზე სტატია გამოაქვეყნა.
ფრანგული მედიის ცნობით, სენტ-ეტიენი მასშტაბურ ცვლილებებს არ გეგმავს და მხოლოდ კონკრეტული პოზიციების გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას, თუმცა ზამთარში ხმაურიანი გარიგებები გამორიცხული არ არის და სავარაუდო წამსვლელთა შორის ქართველი შემტევიც სახელდება.
გამოცემის ინფორმაციით, დავითაშვილის მიმართ ინტერესს უცხოური კლუბები ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დროსაც იჩენდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელის გაშვება კლუბის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, სენტ-ეტიენის ხელმძღვანელობა ზამთარში მის ტრანსფერს არ გამორიცხავს, თუ მსურველი გუნდი ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის და 12 ტურის შემდეგ 28 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება.