ლოდინი დასრულდა.
თითქმის 8 წლის შემდეგ, რაც კანადა, მექსიკა და აშშ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძლებად დასახელდნენ, გლობალური საფეხბურთო ფესტივალი 11 ივნისს იწყება.
თანამასპინძელი მექსიკა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო ჩემპიონატს გახსნის და 104-მატჩიანი ტურნირის პირველ შეხვედრას A ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან გამართავს.
ბედის ირონიით, ეს დაპირისპირება 2010 წლის მუნდიალის გახსნითი მატჩის სარკისებური გამეორებაა, როდესაც მასპინძელი სწორედ „ბაფანა ბაფანა“ იყო.
უგო ბროსის გუნდმა მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, CAF-ის საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით.
სავარაუდო შემადგენლობები:
მექსიკა - რანგელი; გალარდო, ვასკესი, მონტესი, რეიესი; გუტიერესი, ლირა, ფიდალგო; კინიონესი, ალვარადო, ხიმენესი.
სამხრეთ აფრიკა - უილიამსი; მუდაუ, ოკონი, მბოკაზი, მოდიბა; მოკოენა, სიტჰოლე, მბათა; მორემი, ფოსტერი, აპოლისი.
წლევანდელი მუნდიალის გახსნითი მატჩი 11 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.
ზუსტად 16 წლის წინ, სამხრეთ აფრიკა და მექსიკა ერთმანეთს აფრიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში შეხვდნენ.
სიფივე ტშაბალალამ ისტორიის ფურცლებზე თავისი სახელი ულამაზესი გოლით ჩაწერა და მასპინძელი გულშემატკივრები აღაფრთოვანა, ხოლო „ელ ტრის“ მხარეს რაფაელ მარკესმა უპასუხა. მარკესი ამჯერადაც იქნება მატჩზე, თუმცა უკვე ხავიერ აგირეს სამწვრთნელო შტაბის წევრის სტატუსით.
მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი კოლიზეუმი და პირველი სტადიონი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მესამედ უმასპინძლებს, მეხიკოს სტადიონი, სადაც 1970 და 1986 წლების ფინალებში პელემ და დიეგო მარადონამ ისტორიული მომენტები შექმნეს, კიდევ ერთხელ მოექცევა ყურადღების ცენტრში.
აქ მსოფლიო ჩემპიონატის 5 მატჩი გაიმართება, მათ შორის მექსიკის პირველი და მესამე ჯგუფური შეხვედრები, ასევე პლეი-ოფის 2 მატჩი.

ამის შემდეგ ყურადღება გვადალახარასკენ გადაინაცვლებს, სადაც აზიისა და ევროპის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს - სამხრეთ კორეის ნაკრები ძალებს ჩეხეთთან მოსინჯავს.
A ჯგუფის პირველი ტურის მე-2 მატჩი 12 ივნისის დილას, 06:00 საათზე გაიმართება.