საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ ჩვენს ქვეყანაში UFC-ის ღონისძიების ჩატარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან საქმიანი პროცესი უკვე მიმდინარეობს.
"მოგეხსენებათ, აპრილში ამერიკაში ვიზიტი მქონდა - მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დავესწარი და, ამავე დროს, მქონდა შესაძლებლობა, UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითთან ერთსაათიანი შეხვედრა გამემართა.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველო UFC-ის ერთი ღონისძიების ჩატარებას იმსახურებს, რადგან ამჟამად ორი მოქმედი ჩემპიონი გვყავს - მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია. უაითი დამეთანხმა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ამას ნამდვილად იმსახურებს.
2 კვირის წინ, მასთან და UFC-ის სხვა წარმომადგენლებთან კიდევ ერთი, ამჯერად ტექნიკური შეხვედრა გვქონდა. მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, თუ რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს. ვაჩვენეთ 10 000-კაციანი დარბაზი და მოვახსენეთ, რომ იქ ევრობასკეტი და მსოფლიოსა თუ ევროპის არაერთი ჩემპიონატი ჩატარდა. შეიძლება ითქვას, რომ მათ ეს სივრცე მოიწონეს.
ასე რომ, დარწმუნებული ვარ, საქართველოში 2026 წელს UFC-ის ღონისძიება ჩატარდება და ქართველი გულშემატკივარი ოქტაგონზე მერაბ დვალიშვილს იხილავს. საუბარი მიდის იმაზეც, რომ აქ სანდრო თოფურიამაც იჩხუბოს", - განაცხადა სპორტის მინისტრმა.
რამდენიმე დღის წინ, დანა უაითმა განაცხადა, რომ საქართველოში UFC-ის ღონისძიების ჩატარებისა და მერაბის იქ ბრძოლის იდეა მოსწონს.