VIDEO: შერმადინი საუკეთესო იყო - ტენერიფეს 4-დან მე-4 მოგება ჩემპიონატში
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატში 100%-იან სვლას აგრძელებს და მე-4 მატჩიც მოიგო. კანარიელებმა საკუთარ დარბაზში მაგალას უნიკახა გაანადგურეს - 95:79.
ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23:03 წუთი გაატარა და, მარსელინო უერტასის (19 ქულა, 2 მოხსნა, 6 ასისტი) შემდეგ, თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი.
გიომ 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 8-დან 3 მოხსნა მეტოქის ფარზე შეასრულა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ შერმადინს ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 22. უერტასის მაჩვენებელი 20 გახლდათ.
საერთოდ, მიმდინარე ლიგა ენდესას საწყისი 4 ტურის შემდეგ, შერმადინის საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 22:42 წუთში - 18.5 ქულა, 7 მოხსნა და 1.8 ასისტი. ასევე, საშუალოდ მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი - 27. ორქულიანებს 74.3%-იანი სიზუსტით ესვრის.
ტენერიფეს მსგავსად, ამ ტურამდე 100%-იანი სვლა (3-დან 3 მოგება) ვალენსიასა და ხოვენტუტ ბადალონას ჰქონდათ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ქულებს აუცილებლად დაკარგავს - ხვალ, ერთმანეთს ვალენსიაში ხვდებიან.
შესაბამისად, ლიგა ენდესას ამ ტურის შემდეგ 2 თანალიდერი ეყოლება - ტენერიფე და ნახსენებ გუნდთაგან ერთ-ერთი - 4-4 მოგებით.
შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში ბასკონიას (2 ნოემბერს) სტუმრად შეხვდება, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე ტოფასის (28 ოქტომბერს) წინააღმდეგ ასევე გასვლაზე ითამაშებს.