ჩაბი ალონსოს პირველი პრესკონფერენცია მადრიდის რეალის მწვრთნელის რანგში.
„ეს ერთ-ერთი ის დღეა, რომელიც მთელი ცხოვრებით გამახსოვრდება, იმიტომ რომ რეალში მწვრთნელად დანიშვნის შანსი მხოლოდ ერთხელ გეძლევა. ეს კლუბი ჩემი სახლია და აი, მეც დავბრუნდი. დაწყებას მოუთმენლად ველოდები.
„კლუბს ახალი ნახევარმცველის თემაზე ველაპარაკე. აქ ახალი ფეხბურთელების მოყვანის მოთხოვნით არ მოვსულვარ, თუმცა ჩემი ამოცანაა, გუნდი უკეთესი გავხადო. ეს ძალიან სასიამოვნო გამოწვევაა. გვაქვს შესაბამისი ენერგია და სურვილი, რომ საჭირო იმპულსი ავამუშავოთ.
მოდრიჩთან დაკავშირებით ბოლომდე ობიექტური ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ერთად თამაშის დროს საუცხოო ქიმია გვქონდა და ვხედავდი, როგორ თამაშობდა ლუკა... ის უდიდესი ლეგენდაა! რამდენიმე დღის წინ მას ბერნაბეუსთან ძალიან ემოციური გამომშვიდობება ჰქონდა. ვამაყობ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მისი მწვრთნელი ვიქნები.
ამ სეზონში გუნდის თამაშებს ვუყურე, ვაანალიზებდი ყველაფერს, რაც ხდებოდა, რათა საკუთარი იდეები უკეთ მომეყვანა სისრულეში. ჩვენ, მწვრთნელები ფეხბურთელებზე ვართ დამოკიდებულები, აქ კი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. ჩვენი ამოცანაა - შევქმნათ გუნდი და თითოეული ფეხბურთელის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. რამდენიმე მოთამაშეს უკვე გავესაუბრე.
რატომ მოვედი კლუბში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე? ეს მუშაობის იდეალურად დაწყების შესაძლებლობაა და ეს მუშაობა დღეიდან იწყება.
როგორ ითამაშებს ჩემი რეალი? დღეს ფეხბურთი ითხოვს, რომ მორგებადი იყო. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი იდეები, მაგრამ ეს იდეები ფიქსირებული არ არის და შეიძლება საჭიროებიდან გამომდინარე შეიცვალოს. გვინდა, ამბიციური, დინამიური ფეხბურთი ვითამაშოთ და ფეხბურთელებთან ემოციური კავშირი გვქონდეს. მინდა, რომ გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ. მინდა, რომ როცა გვიყურებენ - იფიქრონ, აი, ეს არის ჩემი რეალი, რა ლამაზად თამაშობენ.
4 ნახევარმცველით ვითამაშებთ თუ სამით... ვნახოთ. მომწონს ყოველდღიური მუშაობა და საკუთარი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის აღება. გვინდა ტოტალური კონტროლით ვითამაშოთ როგორც ბურთით, ისე უბურთოდ. ჩვენი სტილი აქტიური და ენერგიული უნდა იყოს. ტაქტიკა და სქემა? ადაპტირება უნდა შეგვეძლოს.
რომელმა მწვრთნელმა იმოქმედა ჩემზე ყველაზე მეტად? ის ფაქტი, რომ აქ ვარ, უკვე გულისხმობს იმას, რომ თითოეულმა შეიტანა თავისი წვლილი. ბევრი კარგი მწვრთნელი მყოლია. ერთ-ერთი ასეთი მამაჩემიც იყო, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. თუმცა, ყველას კარგად ვეპყრობი, ვისთანაც მიმუშავია.
ვგრძნობ, რომ იდეალური დრო მოვიდა იმისთვის, რომ ასეთი დიდი გამოწვევა მივიღო. ვგრძნობ, რომ ამისთვის მზად ვარ. როდის ვიგრძენი? გუშინ, როცა კლუბმა ჩემი დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა (იცინის).
რეალის პრობლემები დაცვაში? ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებთ. კოლექტიური მუშაობა თავის შედეგს გამოიღებს და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.
ვინისიუსი და მბაპე? გაგვიმართლა, რომ შემადგენლობაში ასეთი ფეხბურთელები გვყავს. გუნდის საერთო წარმატებისთვის ყველამ უნდა გაიღოს თავისი წვლილი. მაქვს ჩემი იდეები და მინდა, რომ ყველამ შეიგრძნოს. როდესაც ჩემს სათქმელს ფეხბურთელებამდე მივიტან - ყველაფერი სწორად იმუშავებს. ასეთი საუცხოო ფეხბურთელების პოტენციალი ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ.
დღევანდელი ფეხბურთი უფრო დინამიურია. 3 შემტევი შეიძლება 2-ად გადაიქცეს და პირიქით, 3 შეიძლება მოულოდნელად 5 გახდეს. საერთო ჯამში, კარგი ფეხბურთელების ყოლა მნიშვნელოვანია (იცინის).
ჰაუსენი? კლუბს ველაპარაკე და გარკვეული მომენტები შევათანხმეთ. სხვა საკითხებიც არის, რომელიც ჩემს პირდაპირ ფუნქციებს ეხება. ახლა აქ ვარ და სხვადასხვა საკითხებს ბოლომდე მივყვები.
როდრიგო? ის რეალის ფეხბურთელია. მასთან ჯერ არ მილაპარაკია, თუმცა ყველა იმსახურებს ყურადღებას და ის არ არის გამონაკლისი. მასთან სულ მალე დავილაპარაკებ, როდრიგო ჩინებული მოთამაშეა, რომელიც ჩვენს გუნდს გამოადგება.
ყველა ფეხბურთელთან ახლო კავშირი მჭირდება. ეს უკეთ გაგრძნობინებს, რა ხდება გარშემო და თითოეული ფეხბურთელის საჭიროების გაგებაში გეხმარება. ვიცი, რა უნდა გავაკეთო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფეხბურთელებთან მუშაობა მომეწონება.
ბელინგემი? მას უფრო ნახევარმცველად ვხედავ, თუმცა ნებისმიერ პოზიციაზე ტოპ დონეზე შეუძლია თამაში. ბოლო ორ წელიწადში ჯუდმა საუცხოო ნახტომი გააკეთა და მომავალშიც მას ჩვენთან გადამწყვეტი როლი დაეკისრება. მას ვხედავ, როგორც უდიდესი პოტენციალის მქონე ნახევარმცველს. შევეცდებით, მისი თვისებები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
გუნდმა უნდა იცოდეს, როდის მიმართოს მაღალ პრესინგს და როდის - არა. ყველა უნდა ხვდებოდეს, რა უნდა გავაკეთოთ ბურთით და უბურთოდ. ზოგ მატჩებში შეიძლება მაღალი პრესინგი დაგვჭირდეს, ზოგში - არა. მინდა აქტიური ფეხბურთი ვიხილო და ამ გეგმის რეალიზაციისთვის შესაბამისი ფეხბურთელები ნამდვილად გვყავს."