Marca-ს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვრცელ ანალიზში ნათქვამია, თუ რა ბედი ეწევა რეალის ამა თუ იმ ფეხბურთელს გუნდში ჩაბი ალონსოს მოსვლის შემდეგ.
ბევრი ფეხბურთელის მომავალი უშუალოდ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გადაწყდება.
მეკარეები: კურტუა კვლავ ინარჩუნებს ხელმძღვანელობის ნდობას, თუმცა სეზონის ბოლოსკენ მის მიერ გაშვებულმა რამდენიმე გოლმა ეჭვები გააჩინა, განსაკუთრებით მისი ხშირი ტრავმიანობის ფონზე.
ლუნინის მდგომარეობაზე სერიოზულად იმოქმედა ამ სეზონის კლასიკომ, რომელშიც მან სათანადო შთაბეჭდილება ვერ დატოვა. თავად უკრაინელს რეალში სურს დარჩენა, თუმცა აგენტმა მას რამდენიმე შემოთავაზება დაუდო მაგიდაზე, ყველაზე აქტიურად ლუნინით გალათასარაი ინტერესდება.
ცენტრალური მცველები: ყველაზე მეტ კითხვებს ალაბას, მილიტაოს და რუდიგერის ფიზიკური კონდიციები იწვევს. გუნდში ასევე არიან ჰაუსენი და რაულ ასენსიო, დიდი იმედები მყარდება ახალგაზრდა ხოან მარტინესზეც, რომელსაც მძიმე ტრავმის შემდეგ თავის სათანადოდ წარმოჩენა დასჭირდება.
თვალთხედვის არეალში არიან ხაკობო, რივასი (17 წლის ასაკში კასტილიას ძირითადი მცველი გახდა) და აგუადო (რომელიც ბოლო დროს დაცვის მარჯვენა ფრთაზე უფრო თამაშობს). თუმცა, ეს ფეხბურთელები ზედმეტად ახალგაზრდები და გამოუცდელები არიან, ამიტომ თუ გამოცდილი ფეხბურთელებიდან რომელიმე სათანადო დონეზე ვერ ითამაშებს - კლუბი ცენტრალური მცველის შეძენის მიზნით ბაზრის შესწავლას დაიწყებს.
ფლანგის მცველები: მადრიდში დიდი იმედი აქვთ, რომ დანი კარვახალი მაღალ დონეზე დაბრუნდება. ლუკას ვასკესი გუნდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს, მის ადგილს კი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი დაიკავებს. წასვლა არ სურს ფრან გარსიას, რომლის თამაშიც მწვრთნელებს არ აკმაყოფილებს. იგივე სიტუაციაა მენდის შემთხვევაშიც, რომლის გაყიდვაც, მისი ტრავმიანობის ფონზე, კიდევ უფრო რთული იქნება.
ნახევარდაცვა: ხელშეუხებლები არიან ჩუამენი, ვალვერდე და გიულერი. ფრანგის შემთხვევაში კლუბი მოხიბლული დარჩა მისი რეაქციით, როცა ბერნაბეუმ დაუსტვინა. რაც შეეხება კამავინგას - ედუარდოს თამაში კლუბში უფრო და უფრო მეტ კითხვებს იწვევს. მომავალ სეზონში მისგან დაუყონებლივ პროგრესს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული არაფერია.
მოდრიჩის წასვლამ გაართულა გუნდიდან სებალიოსის წასვლა, თუმცა ეს ჯერაც არ არის გამორიცხული, რადგან სასტარტოს წევრად ესპანელი კვლავაც არ მოიაზრება.
შეტევა: განსაკუთრებულ იმედგაცრუებას იწვევს კლუბში ვინისიუსის და როდრიგოს თამაში. პირველი კვლავ ინარჩუნებს ნდობას და სავარაუდოდ, მხარეები ახალ კონტრაქტზეც მოილაპარაკებენ. თუმცა, ახალ სეზონში ვინისგან გაცილებით მეტს მოითხოვენ როგორც თამაშის, ისე მისი საქმისადმი მიდგომის და დამოკიდებულების თვალსაზრისით.
როდრიგომ საკუთარ მომავალზე ბევრი კითხვა თავად დათესა. მომავალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მისთვის იქნება შანსი დაამტკიცოს, რომ რეალში თამაში ნამდვილად უნდა. პარალელურად, ბევრი იწერება მის შესაძლო წასვლაზე და სიტის ინტერესზე, თუმცა რეალს კონკრეტული შეთავაზება ჯერ არავისგან არ მიუღია.
მბაპე ხელმძღვანელობის მიერ "ახალი" მადრიდის ლიდერად აღიქმება და გუნდში მისი ყოფნა არანაირ ეჭვებს არ იწვევს. განსხვავებით ენდრიკისგან, რადგან კლუბში არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ფორვარდისთვის სადმე იჯარით წასვლა გაცილებით უკეთესი იქნება.