UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა.
მოქმედმა ჩემპიონმა ტიტული მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაიცვა - სამივე არბიტრმა უპირატესობა იანს მიანიჭა (48-47, 48-47, 48-47).
დაპირისპირება ქართველი მებრძოლის აქტიურობით დაიწყო, მერაბს პირველ რაუნდში აშკარა უპირატესობა ჰქონდა და მეტოქე პარტერში ორჯერაც გადაიყვანა. მეორე რაუნდიც დვალიშვილის სასარგებლოდ წარიმართა, თუმცა მესამე ხუთწუთეულიდან ვითარება შეიცვალა. იანმა ტემპს მოუმატა, მერაბს რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენა და ინიციატივა ხელთ იგდო.
მეოთხე და მეხუთე რაუნდებში ქართველის თეიქდაუნის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ჩემპიონი კი დგომში საკუთარ ტაქტიკას მიჰყვებოდა და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა, რაც ბრძოლის შემდეგ თავად დვალიშვილმაც აღიარა.
ოკტაგონზე მიცემულ ინტერვიუში პიოტრ იანმა აღნიშნა, რომ გამარჯვებაში კუთხის მითითებები დაეხმარა. მისი თქმით, მწვრთნელმა მეხუთე რაუნდის წინ უთხრა, რომ ანგარიში 2:2 იყო და გამარჯვებისთვის ბოლო რაუნდის აღება იყო საჭირო.
ტემპს ეტაპობრივად ვუმატებდი. ვიცოდი, რომ ის სხვანაირ ტემპს შემოგვთავაზებდა და მისი ძალების გამოფიტვა მჭირდებოდა
ჩემპიონმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მზადაა ნებისმიერ მეტოქეს დაუპირისპირდეს, ვისაც ორგანიზაცია შესთავაზებს, მთავარია მათ წონის ლიმიტი ჩააბარონ.