არენამაქსი
ქვიზები
ქვიზების ლიგა
სიახლეები
24 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუდის არაბეთში უკვე რამდენიმე წელია ფეხბურთის ვარსკვლავები თამაშობენ. გადავხედოთ, როგორ მოეწყვნენ ისინი ევროპული ფეხბურთის დატოვების შემდეგ, აზიაში.
ალ იტიჰადი: ბენზემა გაცოცხლდა, ფაბინიოს და კანტეს დონე უკავიათ
კარიმ ბენზემა
ფრანგმა ადაპტაცია მეორე სეზონში გაიარა. თავიდან მწვრთნელებს ეჩხუბებოდა, გუნდმა კი ჩემპიონატი ალ იტიჰადისთვის მიუღებელ მე-5 ადგილზე დაამთავრა ისე, რომ ჩემპიონს მთელი 42 ქულით ჩამორჩა. ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის - ზაფხულში კლუბმა ყველაზე მეტი, თითქმის 100 მილიონი ევრო დახარჯა და რაც მთავარია, გუნდი ლორან ბლანმა ჩაიბარა. მასთან ერთად, ბენზემამ გამოიღვიძა: ახლა კარიმი გოლი + საგოლე პასის სისტემით (16+8) ჩემპიონატის ლიდერია და გუნდს ტიტულისკენ მიუძღვება: ალ იტიჰადი ალ ჰილალს ოთხი ქულით უსწრებს.
ფაბინიო
საკვანძო ფეხბურთელი შემადგენლობაში: ბრაზილიელმა ამ სეზონში მოედანზე 2147 წუთი გაატარა და მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა.
ნგოლო კანტე
ევროპული კარიერის ბოლოსკენ კანტე რეგულარულად ტრავმიანობდა, საუდური ტემპი კი მას იდეალურად მოერგო. ამ სეზონში ის ფაბინიოსთან და ბენზემასთან ერთად ჩატარებული წუთების მიხედვით ლიდერია - ფრანგს მოედანზე 1944 წუთი აქვს გატარებული.
სტივენ ბერგვაინი
სექტემბრის დასაწყისში აიაქსმა ბერგვაინი ალ იტიჰადში 21 მილიონ ევროდ გაყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლით ადრე, ტოტენჰემს მასში 10 მილიონით მეტი გადაუხადა.
არაბეთში გადასვლა ხმაურიანი გამოდგა - ნიდერლანდების მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მისი ეს გადაწყვეტილება საჯაროდ გააკრიტიკა: "მან საუდის არაბეთს 26 წლის ასაკში მიაშურა. აშკარაა, რომ ამას სპორტულ ამბიციებთან საერთო არაფერი აქვს. მისთვის ნაკრების კარი დახურულია." ბერგვაინმა უპასუხა, რომ ასეთი სიტყვების შემდეგ, თავადაც არ უნდა რონალდ კუმანის ხსენება.
მას შემდეგ, სტივენი ნაკრებში მართლაც არ თამაშობს, მაგრამ ალ იტიჰადის მაისურით მოედანზე რეგულარულად გადის: 21 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასიც აქვს.
მუსა დიაბი
წინა ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი საუდელებისთვის - 25 წლის ფრანგში ასტონ ვილამ 60 მილიონი ევრო მიიღო.
ამ სეზონში ფეხბურთლმა ტრავმის მიღება უკვე ორჯერ მოასწრო და ორ თვეზე მეტი გამოტოვა. თუმცა, თავის გუნდს 15 გოლი მოუტანა (2 გოლი და 13 ასისტი), ამ მაჩვენებლით ის გუნდში ბენზემას და ბერგვაინის შემდეგ საუკეთესოა.
ალ აჰლი: ფირმინო განაცხადიდან ამოაგდეს, ტოუნიმ კი საკუთარ დაბადების დღეზე 100 ათას ფუნტზე მეტი დახარჯა
აივენ ტოუნი
ორი წლის წინ ბრენტფორდის თავდამსხმელმა პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილი დაიკავა, თუმცა შემდგომმა რვათვიანმა დისკვალიფიკაციამ ტოპ-კლუბები დააფრთხო. რის შედეგადაც, ტოუნი ალ აჰლიში გადავიდა - ჩემპიონატის მე-5 გუნდში.
გოლების გატანას ინგლისელი ბენზემას დონეზე ახერხებს - ჩემპიონატში მეტოქეების კარი 16-ჯერ აიღო და კარიმთან ერთად მე-2 ადგილს იყოფს. მეტი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს (19). კიდევ შვიდი გოლი (5+2) ტოუნიმ აზიურ ჩემპიონთა ლიგაზე დააგროვა. თებერვალში ბრიტანელს ექვმატჩიანი საგოლე სერია ჰქონდა, რომელიც ალ ჰილალის კარში ჰეთ-ტრიკით (3:2) დასრულდა. თუმცა, მას შემდეგ ის ზედიზედ ოთხი მატჩია გოლს ვეღარ იტანს.
ტოუნის აზიური ფულის ხარჯვა ნამდვილად არ უჭირს - რამდენიმე დღის წინ მან საკუთარ 29-ე დაბადების დღეზე 100 ათას ფუნტზე მეტი დახარჯა: დახურა ლონდონური კლუბი, დაპატიჟა გოგონები უფასო სასმელზე. წვეულებას დაესწრო ბაიერნის შემტევი მაიკლ ოლისე, ჩელსის ტრევორ ჩალობა და ლივერპულის ტრავმირებული მცველი ჯო გომესი, რომელიც წვეულებაზე ლივერპულის ლიგის თასის ფინალში მარცხიდან რამდნეიმე საათში მივიდა.
რობერტო ფირმინო
ფირმინოს ალ აჰლის კაპიტნის სამკლაური ანდეს, თუმცა მან კლუბში ფეხი ვერაფრით მოიკიდა. ბრაზილიელი ფეხბურთს ცოტათი ჩამოშორდა კიდეც: წონაში მოიმატა, გოლებს ვეღარ იტანდა, ზაფხულში კი ევანგელისტური პასტორიც გახდა - მონათლვის პროცედურამ მისსავე გახსნილ ეკლესიაში ჩაიარა.
ზამთარში ფირმინოს ფორმით უკმაყოფილო ალ აჰლიმ მისი გაშვება გადაწყვიტა და სწორედ მის შემცვლელად მიიყვანა ტოუნი. იანვარში ფირმინო ფაქტის წინაშე დააყენეს: ჩემპიონატის განაცხადში მის ადგილს პორტოს შემტევი ვენდერსონ გალენო დაიკავებს. რობერტომ წასვლა იუარა, ამიტომ სეზონის ბოლომდე ბურთის გაგორება მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე შეუძლია. თუმცა, ბრაზილიელს ყველაფერი აწყობს: თვეში 1.7 მილიონ ევროს შოულობს და კონტრაქტი 2026-მდე აქვს.
რიად მაჰრეზი
ალჟირელი ჯიდაში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა - ფირმინოსთან ერთად. თუმცა, საქმეები გაცილებით უკეთ აქვს. მაჰრეზმა ამ სეზონში მოედანზე 2092 წუთი გაატარა, რაც გუნდის საუკეთესო მაჩვენებელია.
24 მატჩში სიტის ექს-შემტევმა 5+5 დააფიქსირა, რაც ტოუნის შემდეგ გუნდში საუკეთესო შედეგია. ციფრებით, მაჰრეზს წინა სეზონი უკეთესი ჰქონდა - 11+14.
გაბრი ვეიგა
22 წლის ესპანელი ბრილიანტის ციფრები მაჰრეზის დონეზეა - 5+4 ჩემპიონატის 23 მატჩში. სელტაში კარგი სეზონის შემდეგ მისი შეძენა ყველა ევროპულ ტოპ კლუბს სურდა, მაგრამ მან საუდის არაბეთი არჩია, რასაც ტონი კროოსმა "სირცხვილი" უწოდა.
ტრანსფერის შემდეგ ვეიგა სულ ამბობს, რომ თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს. მისი თქმით, ლიგა პროგრესირებს და ეს მისთვის საუკეთესო ვარიანტია განვითარებისთვის.
ედუარდ მენდი
ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როცა საუდის არაბეთში დიდი ფულის საშოვნელად მეკარე წავიდა. ამ სეზონში მენდის ჩემპიონატის 20 მატჩში 16 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად მან 10 მატჩში შეინახა.
ალ ქადისია: ნაჩო შეუცვლელად თამაშობს, ობამეიანგმა 10+ გოლი გაიტანა
პიერ ემერიკ ობამეიანგი
არსენალის, ჩელსის და ბარსელონას ექს-ფორვარდი ზაფხულში გადავიდა გუნდში, რომელიც უმაღლეს ლიგაში ახალი ამოსული იყო. თუმცა, ზაფხულის ტრანსფერებსვე ეტყობოდა, რომ გუნდი სერიოზული ძალა გახდებოდა და მართლაც, ალ ქადისია ამ სეზონში მე-4 ადგილს იკავებს და იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც ალ ნასრს.
თითქმის ყველა გოლი ორ ფეხბურთელზე მოდის - 15 გაიტანა მექსიკელმა ხულიან კინიონესმა, 11 კი ობამეიანგმა. გაბონელი კმაყოფილია: „ხალხი ფიქრობს, რომ ეს მკაცრი შეზღუდვების ქვეყანაა. მაგრამ როცა აქ ჩამოდიხარ, სხვა სიტუაცია გხვდება. აქ ძალიან გახსნილი მენტალიტეტია. არაფერი მინახავს, რაც შოკში ჩამაგდებდა და მათქმევინებდა, რომ აქ გადმოსვლა შეცდომა იყო."
ნაჩო
ალ ქადისიას შეუცვლელი ფეხბურთელი: მან ჩემპიონატის და თასის 28 მატჩში დროის 100% გაატარა მოედანზე. არცერთი ცვლილება 35 წლის ასაკში თავისუფლად გვათქმევინებს, რომ ესპანელი თავის ხელფასს და კონტრაქტს ზედმიწევნით კარგად ასრულებს.
ალ ფეიჰა: სმოლინგმა ცუდად დაიწყო, შემდეგ კი გამოსწორდა
ინგლისელს წინა ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დებიუტი ჰქონდა ისტორიაში: მე-6 წუთზე ავტოგოლი, 55-ე წუთზე გაძევება, მისი გუნდი კი 0:5 დამარცხდა.
თუმცა, სმოლინგმა სიტუაცია გამოასწორა: დისკვალიფიკაციის შემდეგ შეუცვლელად ითამაშა 21 მატჩში. მისი გუნდი ცხრილში მე-14 ადგილზეა 18 შესაძლოდან, თუმცა კლუბს თავიდანვე არც ისე დიდი ამბიციები ჰქონდა.
ალ იტიფაქი: ჯერარდი აღარ არის, ვეინალდუმი კი მწყობრშია
სეზონი ჯერ გრძელდება, ნიდერლანდელმა კი ციფრებით წინა სეზონი უკვე გააუმჯობესა. ახლა მას 25 მატჩში 10+3 აქვს, შარშან კი 29 მატჩში 6+5 ჰქონდა.
ვეინალდუმი გუნდის ლიდერია როგორც შედეგიანობით, ისე გატარებული წუთებითაც. თვითონ ალ იტიფაქი მეშვიდე ადგილს იკავებს, მაშინ როდესაც იანვარში წასულმა სტივენ ჯერარდმა გუნდი მე-12 ადგილზე დატოვა.
სხვათაშორის, ალ იტიფაქიდან ვეინალდუმი ევრო 2024-ზეც მოხვდა. არადა, როგორც ბერგვაინის შემთხვევიდან გვახსოვს, რონალდ კუმანი საუდის ლიგას დიდად არ წყალობს.
ალ ჰილალი: მიტროვიჩი და მალკომი მაღალ დონეზე არიან, ბონო კი - არც ისე
იასინ ბონო
SofaScore-ს შეფასებებს თუ მივენდობით, ბონო ჩემპიონატის ყველაზე ცუდი მეკარეა (6.79 საშუალო შეფაება).
მაროკოელმა ჩემპიონატის 23 მატჩში 28 გოლი გაუშვა და მხოლოდ 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად.
ჟოაო კანსელო
ბარსელონამ 2024-ს ზაფხულში პორტუგალიელის დასატოვებლად არაფერი გააკეთა და ფეხბურთელმა საუდის არაბეთს მიაშურა. კანსელო კარგია როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან. 5 საგოლე პასი 20 მატჩში - პოზიციის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი შედეგია.
კალიდუ კულიბალი
კულიბალი ალ ჰილალში უმალვე გახდა სასტარტოს წევრი და გუნდს საუკეთესო დაცვით (23 გაშვებული გოლი მთელ სეზონში) ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. წელს გუნდი მე-2 ადგილზეა და ბენზემას, კანტეს და ფაბინიოს ალ იტიჰადს 4 ქულით ჩამორჩება.
რენან ლოდი
ბრაზილიელი მცველი შეტევას კარგად ერთვება: ჩემპიონატის 18 მატჩში მან 3 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.
მალკომი
ალ ჰილალის შეტევის ერთ-ერთი ლიდერი ორი სეზონია ჩემპიონატში კარგ დონეს ინარჩუნებს: წელს მან 22 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.
რუბენ ნევეში
პორტუგალიელმა 18 მატჩში 1+6 მიითვალა და გვარწმუნებს, რომ საუდური ფეხბურთი ევროპულს არ ჩამოუვარდება: "ყველას გირჩევთ, საუდის არაბეთის ფეხბურთს უყუროთ. ჩემი GPS-ის მონაცემებით, იმაზე მეტს დავრბივარ, ვიდრე ინგლისში, თანაც იმ განსხვავებით, რომ აქ ამას 40 გრადუს სიცხეზე ვაკეთებ. ვგრძნობ, რომ საუცხოო ფორმაში ვარ, ისევე, როგორც კრიშტიანუ."
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი
სერბი ნახევარმცველი 2024-ში ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ რონალდუსთან დამარცხდა. ამ სეზონში სავიჩმა 22 მატჩში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც გუნდის მე-3 საუკეთესო შედეგია და საუკეთესო ნახევარმცველებს შორის.
ალექსანდრ მიტროვიჩი
ფულემის ყოფილი ბომბარდირი საუდის არაბეთის ლიგაში ერლინგ ჰალანდის ტემპით იტანს გოლებს - პირველივე სეზონში მან 44 მატჩში 40 გოლი გაიტანა, ჩემპიონატის 28 მატჩში კი 28 გოლი ჰქონდა, რითაც მხოლოდ რონალდუს ჩამორჩა.
მეორე სეზონი ცოტა სუსტად მიმდინარეობს, თუმცა ამის მთავარი მიზეზი ტრავმა გახდა: სერბს ორი თვე გაუცდა. მარტში დაბრუნდა და ეგრევე გაიტანა - სტატისტიკა მაინც დიდებულია: 25 მატჩი, 21 გოლი, 3 ასისტი.
ალ ნასრი
მოჰამედ სიმაკანი
ფრანგი მცველი ალ ნასრში ლაიფციგიდან სექტემბერში გადავიდა, უმალვე სასტარტოს წევრი გახდა და გოლის გატანაც მოასწრო - ეს კარგია.
ცუდი კი ის არის, რომ ფეხბურთელმა ნახევარ წელიწადში ორჯერ მოასწრო წითელი ბარათის მიღება. მოჰამედის გარეშე ჩატარებულ ორ მატჩში გუნდმა არც ისე ძლიერ მეტოქეებთან დაკარგა ქულები.
აიმერიკ ლაპორტი
მცველმა უკვე საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ მოასწრო ევრო 2024-ზე წასვლა და ტურნირის მოგება. კლუბში ყველაფერი იმდენად კარგად აქვს, რომ ზამთარში, დაცვის ხაზში ტრავმიანობის ფონზე, მისით რეალიც კი ინტერესდებოდა.
სიტუაციას ტრავმები აფუჭებს - ამ სეზონში მან უკვე ორჯერ მოასწრო დაზიანების მიღება, თუმცა ჯამში მხოლოდ ექვსი მატჩი გამოტოვა.
ზამთარში ალ ნასრმა მცველი რამდენიმე კვირით ოჯახთან გაუშვა, რადგან მისი მამა კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
მარსელო ბროზოვიჩი
სეზონი 23/24 ხორვატისთვის კარგი გამოვიდა: 43 მატჩში 5+12 - მოედნის ცენტრის ფეხბურთელისთვის კარიგ სტატისტიკაა. თუმცა, საერთო სურათი გააფუჭა პენალტის გაფუჭებამ, რომლის გამოც ალ ნასრი აზიური ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა [მის გარდა ტელესმა და ოტავიომაც ვერ გაიტანეს].
ზაფხულში მარსელომ წარუმატებელი ევრო 2024-ს შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა კლუბში თითქმის სულ შეუცვლელად თამაშობს. ჩემპიონატში 1+4 დაუგროვდა, ყველა ეს საგოლე პასი ბოლო პერიოდში აქვს დაგროვებული.
ოტავიო
წინა სეზონში პორტუგალიელი საუდის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, 10+6 დააგროვა და ბევრ სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. თუმცა, სტეფანო პიოლის ხელში ფეხბურთელს ჯერ არ მისდის.
მთელ სეზონში ოტავიომ 29 მატჩში 4 საგოლე პასი მიითვალა და გოლი ჯერ არ გაუტანია. თებერვლის შუაში ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე არმოშუშებული ტრავმით შეუშვეს, რის შედეგადაც კიდევ 1.5 თვის გამოტოვება მოუწია და პიოლი ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
სადიო მანე
სენეგალელმა ლივერპულის შემდეგ საკუთარი თავი ბოლომდე ვერსად ვერ იპოვა. კი, პირველ საუდურ სეზონში 13+8 დააგროვა და საგოლე მოქმედებებით ჩემპიონატის ტოპ 10-შიც შევიდა, თუმცა მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ.
მეორე სეზონიც არც ისე კარგი მისდის. პირველი გოლი მხოლოდ მე-6 ტურში გაიტანა, იანვარ-თებერვალში კი სულ დადუმდა, მშრალი სერიის შეწყვეტა მხოლოდ კრიშტიანუს დახმარებით მოხერხდა, რომელმაც თანაგუნდელს პენალტი დაუთმო.
ამ სეზონში სენეგალელი საგოლე მოქმედებებით ტოპ 10-შიც ვერ შედის (7 გოლი და 8 ასისტი).
ჯონ დურანი
კოლუმბიელი საუდის არაბეთში ამ ზამთარს გადავიდა, თუმცა უკვე მოაწრო 9 მატჩში 7 გოლის გატანა.
კრიშტიანუ რონალდუ
საუდის ლიგის მთავარი ვარსკვლავი მწყობრშია. წინა სეზონში ის დამაჯერებლად გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი - იმავეს იმეორებს წელსაც. ალ ნასრის კაპიტანი თითქმის ყველა მატჩში ახერხებს გოლის გატანას (28 გოლი 33 მატჩში).
თუმცა, არის პატარა ნიუანსი: კრიშტიანუს ალ ნასრთან დღემდე არ აქვს არცერთი ტიტული მოგებული და სავარაუდოდ, ამას ვერც ამ სეზონში ვერ გააკეთებს: სუპერთასი გუნდმა ალ ჰილალთან წააგო, თასიდანაც გამოვარდა, ჩემპიონატში კი მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება. ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტად აზიის ჩემპიონთა ლიგის მოგება მოსჩანს.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
