საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 13 ნოემბერს, შეკრების მე-4 ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ხვიჩა კვარაცხელიას გაესაუბრა.
"ესპანეთის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ. ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია ჩვენთვის, რადგან სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.
ოქტომბრის შეკრებაზე, ტრავმის გამო, 100%-ით მზად არ ვიყავი, თუმცა ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემი ხალხისთვის და თანაგუნდელებისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ერთად გვიწევს თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები", - თქვა კვარაცხელიამ.
კვარას საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 45 მატჩში 20 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი სოფიაში, ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშებს.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია