ქართულმა ქალთა საფეხბურთო გუნდებმა ლანჩხუთს სოლიდარობა გამოუცხადეს.
,,ხობის კოლხეთის ქალთა გუნდი სრულ სოლიდარობას უცხადებს ლანჩხუთის ქალთა გუნდს.
ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის სივრცე, სადაც პატივისცემა, უსაფრთხოება და ერთმანეთის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
ძალადობას არ აქვს ადგილი ფეხბურთში და მითუმეტეს ქალთა ფეხბურთში.
ჩვენ ვდგავართ ძალადობის წინააღმდეგ და მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანს, ვინც ძალადობის წინაშე დგას და სამართლიანობისთვის იბრძვის.
დღეს ჩვენი გუნდი ლანჩხუთის გვერდითაა. გვჯერა, რომ ასეთ დროს დუმილი გამოსავალი არ არის. საჭიროა ერთიანობა, მხარდაჭერა და მკაფიო პოზიცია.
არა ძალადობას! კი უსაფრთხო და ღირსეულ სპორტს!" - წერს ხობის კოლხეთი.
,,ქალთა საფეხბურთო კლუბი ბათუმი შტორმი ეხმაურება ლანჩხუთის მიერ გამოხატულ პროტესტს და სრულ სოლიდარობას უცხადებს გუნდის ფეხბურთელებს.
ჩვენი ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბისა და მთელი კოლექტივის სახელით, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობასა და უსამართლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გოგო ფეხბურთელების ღირსებას, უსაფრთხოებასა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება.
ბათუმი შტორმი მხარს უჭერს ლანჩხუთის სამართლიან პროტესტს და კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას - ქალთა ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია უსაფრთხოების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე.
ქალთა ფეხბურთში უსაფრთხო, თანასწორი და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა.
სპორტული შედეგები და ქულები ვერასდროს იქნება იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის უსაფრთხოება და ფუნდამენტური უფლებებია.
მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებსა და საფეხბურთო სტრუქტურებს, მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ ქალთა ფეხბურთში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, რათა არცერთ მოთამაშეს აღარ მოუწიოს მოედანზე თუ მოედნის მიღმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის ბრძოლა.
ჩვენ ფეხბურთელების გვერდით ვდგავართ! ძალა ერთობაშია! სპორტში ძალადობის ადგილი არ არის!" - წერს ბათუმური კლუბი.
,,მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!" - წერენ ბათუმი, კვარტალი და ოზურგეთის მერცხალი.
,,ისე ვერ ვითამაშებთ, თითქოს არაფერი მომხდარა" - ქსკ ლანჩხუთის განცხადება
