მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი 1/2 ფინალშია.
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო 1/4 ფინალში არგენტინამ შვეიცარიას ბრძოლაში 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი ლეო მესის კუთხურის შემდეგ თავით ალექსის მაკ ალისტერმა გაიტანა, თუმცა მთელი დრამა მეორე ტაიმში მოხდა.
67-ე წუთზე ნდოიეს გოლით შვეიცარიამ, რომელიც იქამდე მთელი ტაიმის განმავლობაში გაუჩერებლად უტევდა, ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა აქედან 5 წუთში ევროპელებს დრამა დაატყდათ თავს - მსაჯმა ლეანდრო პარედესი ბრილ ემბოლოზე დაჯარიმებისთვის გააფრთხილა, თუმცა როგორც გამეორებაზე გამოჩნდა, შვეიცარიის ფორვარდმა ეპიზოდი გააფორმა, რის გამოც მსაჯს ეკრანთან დაუძახეს.
შედეგად, არბიტრმა პარედესის ყვითელი გააუქმა და მეორე ყვითელი ბარათი ემბოლოს უჩვენა, რის გამოც შვეიცარია 10 კაცით დარჩა, ფორვარდმა კი მოედანი აცრემლებულმა დატოვა.
10 კაცით დარჩენილმა შვეიცარიამ სრული ყურადღება თავის დაცვაზე გადაიტანა და 112-ე წუთამდე ეს წარმატებითაც გამოსდიოდა. სწორედ მაშინ, როცა ყველას პენალტები გარდაუვალი გვეგონა, სცენაზე ხულიან ალვარესი ავიდა, რომელსაც აქამდე მუნდიალზე თავისი თამაშის ჩვენება არ გამოსდიოდა - „ობობამ" ბრწყინვალე დარტყმით აიღო გრეგორ კობელის კარი და არგენტინა კვლავ წინ გაიყვანა.
მატჩში წერტილი კი ლაუტარტო მარტინესმა 120+1 წუთზე დასვა, როცა წინ წასული შვეიცარია კონტრშეტევაზე გამოიჭირეს.
საბოლოოდ, არგენტინამ კვლავ დრამატულ სტილში შეძლო გამარჯვების მოპოვება და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც 15 ივლისს ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს, ამავე დრამატულ სტილში ნორვეგიას აჯობა (2:1).