ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა.
1/4 ფინალურ დაპირისპირებაში სამმა ლომმა ნორვეგიას 2:1 ჯუდ ბელინგემის დუბლით, ექსტრა-ტაიმში მოუგო და შემდეგ ეტაპზე უმძიმესი ბრძოლის გავლის შედეგად შეძლო გასვლა.
36-ე წუთზე ნორვეგია შელდერუპის ბრწყინვალე გოლით დაწინაურდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან მოულოდნელი დარტყმით ჯორდან პიკფორდის კარის აღება შეძლო. თუმცა, ტაიმი ვიკინგებმა ვერ მოიგეს - მე-2 კომპენსირებულ წუთზე ჯუდ ბელინგემმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება.
მეორე ტაიმი, პირველისგან განსხვავებით, ნორვეგიელების უპირატესობით წარიმართა და 55-ზე მათ გოლიც გაიტანეს, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ კუთხურის მოწოდების მომენტში ერლინგ ჰალანდმა საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და მსაჯმა ეს გოლი გააუქმა.
საბოლოოდ, ყველაფერი დამატებით დროში გაირკვა, სადაც 93-ე წუთზე მორგან როჯერსის შორეული დარტყმის შემდეგ, მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია და დამატებაზე ყველას კვლავ ჯუდ ბელიგენმმა დაასწრო, რომელმაც ამ მუნდიალზე მე-6 გოლი შეაგდო და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ამრიგად, 1966-ის, 1990-ის და 2018 წლების შემდეგ, ინგლისმა 2026-შიც შეძლო 1/2 ფინალში გასვლა, სადაც არგენტინასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.