ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა ნორვეგიასთან მუნდიალის მეოთხედფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა გაიხსენა.
ბაიერნის 32 წლის თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ 80 წლის პოლიტიკოსი გოლფს საოცრად კარგად თამაშობს.
შეხვედრა ფლორიდაში, პალმ ბიჩზე, დაახლოებით 18 თვის წინ შედგა, როდესაც კეინმა ტრამპისგან პირადი მიწვევა მიიღო:
ნორმალურად ვითამაშე. როცა ქვეყნის პრეზიდენტი სადმე გეპატიჟება, უარს ვერ ეტყვი. მასთან შეხვედრა და გოლფის თამაში ნამდვილად სურეალისტური გამოცდილება იყო. სიმართლე გითხრათ, ის გოლფს საკმაოდ კარგად თამაშობს. იმედი მაქვს, მის ასაკში მეც ასეთ ფორმაში ვიქნები. უნიკალური მომენტი იყო და მიწვევისთვის მისი მადლობელი ვარ
მანამდე ტრამპმა კეინი საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე შეაქო, როცა ინგლისმა მერვედფინალში მექსიკა 3:2 დაამარცხა: „ჰარი კეინი დიდებული ფეხბურთელია. მე მასთან ერთად გოლფი ვითამაშე, ძალიან მომწონს და კარგი მოთამაშეა“.

თეთრი სახლის ყურადღების გარდა, ინგლისის ნაკრებმა მოტივაცია ლეგენდარული დევიდ ბექჰემისგანაც მიიღო, რომელიც გუნდს ინტერ მაიამის ბაზაზე ვარჯიშისას ესტუმრა. კეინმა აღნიშნა, რომ ბექჰემი მათ ყოველი მატჩის შემდეგ სწერს, მხარს უჭერს და მთელ გუნდს მისი იმედების გამართლება სურს. თომას ტუხელის გუნდი ახლა სრულადაა კონცენტრირებული ნორვეგიის წინააღმდეგ შაბათს გასამართ მატჩზე, სადაც ნახევარფინალის საგზური წყდება.