კაი ჰავერცი არსენალის უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.
The Athletic-ის ინფორმაციით, გერმანელ ნახევარმცველს კუნთის ტრავმა აღმოაჩნდა, რომლის გამოც, სავარაუდოდ, მინიმუმ ოთხი უახლოესი შეხვედრის გამოტოვებას მოუწევს.
ჰავერცი „მეთოფეებს" ბრენტფორდის, უიგანის, ვულვერჰემპტონისა და ტოტენჰემის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. თუმცა, ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულად არ მიიჩნევა და კლუბი გართულებებს არ ელოდება.
მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ჰავერცმა პრემიერ ლიგის მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გასული წლის თებერვალში ბარძაყის კუნთის გაწყვეტის გამო, ჰავერცისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა, აგვისტოში გერმანელმა ახალი ტრავმა მიიღო — ამჯერად მუხლის, რომლის გამოც მოედანს 2025 წლის ბოლომდე ვეღარ დაუბრუნდა.