2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს მიიღებს.
მატჩამდე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
თურქეთთან მიღებულ წითელ ბარათზე და შეცვლებზე
"ვერ გავიგე, რატომ მომცეს წითელი ბარათი. მწვრთნელობა იოლი არაა. მეოთხე მსაჯს ხშირად ვუსვამ შეკითხვას და პასუხად მხოლოდ "დამშვიდდი" არის. ეს თანამედროვე ფეხბურთის უარყოფითი მხარეა, თამაშის დროს გარკვეულ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. მთავარი ბულგარეთთან თამაშია.
რაც შეეხება შეცვლებს, საჭიროდ არ ჩავთვალე ყველა შეცვლის გაკეთება. მოედანზე მყოფმა მოთამაშეებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს, გათანაბრების შანსიც იყო.
დისკვალიფიკაციაზე
"უფასოდ შევძლებ ტრიუბნებიდან ვუყურო თამაშს, ამისთვის მადლობა მსაჯებს. მატჩამდე მოთამაშეებთან უფრო ღრმა საუბარი მომიწევს, რადგან ტექნიკური ზონიდან მათ მითითებებს ვერ მივცემ."
ოთხმცველიან ფორმაციაზე
"ჩვენ სათამაშო სისტემა უკვე დიდი ხანია შევცვალეთ. ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. დაცვითი სისტემა უნდა შეგვეცვალა. უკრაინასა და ალბანეთთან ძველი სათამაშო სქემბა აღარ მუშაობდა და ცვლილების დრო იყო. ახალ სისტემაზე გადასვლა აუცილებელი გახდა, რადგან მომავალში უნდა ვიყუროთ. მარტში ამ ფორმაციით კარგად ვითამაშეთ.
ხოლო ის პრობლემები, რაც თურქეთთან გვქონდა, ინდივიდუალური შეცდომების ბრალი იყო და არა სათამაშო სქემის.
მომავალ მატჩზე
"რაღაც ცვლილებები იქნება, რადგან ბულგარეთი თურქეთისგან განსხვავებული გუნდია. ეს არ იქნება რადიკალური ცვლილებები. ის უნდა გამოვასწოროთ, რომ მატჩი უფრო ყურადღებით დავიწყოთ."
საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი დინამო არენაზე, 7 სექტემბერს 17:00 საათზე დაიწყება.