რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, რომასთან მატჩში ვინისიუსის უკმაყოფილებაზე ისაუბრა.
ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, რომელიც მადრიდელებმა 4:3 მოიგეს, ბრაზილიელი შეცვლას ემოციურად შეხვდა.
ვინისიუსმა მოედანი 59-ე წუთზე დატოვა, როცა რეალი 1:3 აგებდა. მისი ადგილი ენდრიკმა დაიკავა. სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალი შემტევი ხელებს შლიდა და სამწვრთნელო შტაბის მიმართულებით რამდენჯერმე დაიყვირა: „რატომ შემცვალა?!“
მოურინიოს თქმით, ფეხბურთელის იმედგაცრუება მისთვის გასაგები იყო.
„პირველი ტაიმი ჩემი ბრალია. ან გასპერინის დამსახურება. მან სულე ათამაშა, უესლი კი მუდმივად ორ-ერთზე სიტუაციებს ქმნიდა და ძალიან გვიჭირდა. ვინისიუსისთვის რთული იყო. მეორე ტაიმში მას მეორე ფლანგზე მოქმედების თავისუფლება მივეცი, დიომანდემ კი უესლი გაანეიტრალა.
ვინისიუსმა ბურთი დაკარგა იქ, სადაც არ უნდა დაეკარგა, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის - მეც ვუშვებ შეცდომებს. სამწუხაროა, რომ ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ფორმაში შედიოდა და თამაშისგან სიამოვნებას ისევ იღებდა“, - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Managing Madrid.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა ბრაზილიელის რეაქციაც შეაფასა:
„ნორმალურია, რომ უკმაყოფილოა. ბოთლი რომ მოესროლა, როგორც ამას ბევრი აკეთებს, არ მომეწონებოდა. იმედგაცრუება ბუნებრივია, მატჩის შემდეგ კი გამარჯვება ძალიან უხაროდა“.
რეალმა შეხვედრა ბოლო წუთებში შემოატრიალა - მადრიდელებმა სამივე გოლი მე-80 წუთის შემდეგ გაიტანეს და 4:3 მოიგეს.