ჟოზე მოურინიომ მადრიდის რეალში დაბრუნებისთანავე სერიოზული გადატრიალება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი ბრაზილიელი ვუნდერკინდის, ენდრიკის გუნდიდან გაშვებას განიხილავს. არადა, ფანები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ლიონში წარმატებული იჯარის შემდეგ თავდამსხმელი მადრიდში საბოლოოდ დაიმკვიდრებდა ადგილს.
სპორტული მედიის მტკიცებით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა და მოურინიო წინასასეზონო შეკრებაზე ორ ტალანტს შორის გააკეთებენ არჩევანს. გუნდს ენდრიკი ან გონსალო გარსია დატოვებს. რომელი მათგანიც ჟოზეს ტაქტიკას ვერ მოერგება, კლუბიდან დაუყოვნებლივ წავა, რათა ახალი ტრანსფერებისთვის ფინანსური სივრცე გათავისუფლდეს.
ეს ენდრიკისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება. როცა ის პალმეირასიდან მადრიდში გადმობარგდა, ყველა მას სამომავლო ლიდერად განიხილავდა, თუმცა 20 წლის ფორვარდმა მთავარი გარღვევა მაინც ვერ მოახდინა. ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით ის ძირითადს მიღმა დარჩა, რის გამოც ზამთარში ლიონში წავიდა, სადაც 21 მატჩში 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ახლა ყველაფერი მოურინიოს ტაქტიკაზეა დამოკიდებული. თუ ჟოზე ორი თავდამსხმელით ითამაშებს, ენდრიკს კილიან მბაპეს გვერდით თამაშის იდეალური შანსი მიეცემა. თუმცა, ერთი გამოკვეთილი ფორვარდის შემთხვევაში, ბრაზილიელის შანსები მიზერულია.
ცნობისთვის, ენდრიკმა ახლახან მუნდიალზეც ითამაშა, სადაც ბრაზილია მერვედფინალში ნორვეგიასთან სენსაციურად გავარდა. კარლო ანჩელოტის ფორმაციაში ენდრიკი მოედანზე ოთხჯერ შეცვლაზე შევიდა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.