ლაიფციგის 19 წლის ვარსკვლავისთვის, იან დიომანდესთვის ბრძოლა ახალ, დრამატულ ფაზაში გადავიდა.
მანჩესტერ სიტი სატრანსფერო ომში ოფიციალურად ჩაერთო და მაგიდაზე კოლოსალური თანხა დადო. სანამ ინგლისის ჩემპიონი საკუთარ ფინანსურ ძალას აჩვენებს, კოტ-დ'ივუარელმა ტალანტმა უკვე მოასწრო და ევროპის ორ გრანდთან პირად ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწია.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისურმა გიგანტმა გერმანელებს სიტყვიერად უკვე შეატყობინა, რომ ტრანსფერში 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა. თუმცა სიტის საქმეს ის ართულებს, რომ მადრიდის რეალმა და პარი სენ-ჟერმენმა მათ უკვე დაასწრეს. ფეხბურთელს ორივე კლუბთან პირადი დეტალები შეთანხმებული აქვს. მადრიდელებთან ის 2031 წლამდე გათვლილ კონტრაქტზეა თანახმა, თუმცა რეალის 100-მილიონიანი ოფიციალური შეთავაზება, რაც 90-ს პლუს 10 მილიონი ბონუსების სახით მოიცავდა, ლაიფციგმა უკვე დაბლოკა.
ლაიფციგი პოზიციებს არ თმობს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარსელ შეფერმა პირდაპირ განაცხადა, რომ დიომანდე მომდევნო სეზონშიც გერმანიაში ითამაშებს. კლუბი 100 მილიონზე გაცილებით მეტს ითხოვს, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.
თუმცა თავად ვარსკვლავმა მსოფლიო ჩემპიონატის დროს ჟურნალისტებს ნამდვილი შოკი მოუწყო და ღიად აღიარა, რომ გუნდის დატოვებას აპირებს, დანარჩენს კი მისი აგენტი მიხედავს. წინ ცხელი სატრანსფერო ომი გველის.