სლოვაკეთის ჩემპიონატის მერვე ტურში გიორგი გაგუას დუნაისკა სტრედა გასვლაზე ტრენჩინს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 4:1 გაანადგურა.
შეხვედრის მთავარი გმირი სწორედ ქართველი თავდამსხმელი გახდა, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარში დუბლი შეასრულა.
VIDEO: გაგუამ დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა!
სეზონის სტარტი გაგუასთვის ფენომენალურია. მიმდინარე ჩემპიონატში მის ანგარიშზე უკვე 9 საგოლე მოქმედებაა (4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა), ხოლო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 შეხვედრაში 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
მატჩის შემდეგ დუნაისკა სტრედას მთავარმა მწვრთნელმა, რობერტ კლაუსმა ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ის გუნდისთვის საკვანძო ფიგურაა:
გაგუა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. სეზონის დაწყებამდე ვიცოდით, რომ კარგ ფორმაში იყო და შეეძლო, დიდი როლი ჰქონოდა. იგი მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მოედანზე მისთვის შესაფერისი ადგილის პოვნა უმთავრესია. გაგუას შეუძლია, თანაგუნდელები ერთმანეთთან დააკავშიროს.
გუნდისთვის წებოს მსგავსი როლი აქვს. ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს ერთმანეთთან აკავშირებს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არის რაღაცები, რაზეც მასთან სამუშაო გვაქვს. ბედნიერი ვარ, რომ გოლებიც გააქვს. გასულ სეზონშიც კარგ ფორმაში იყო და მშვენიერი თამაშები ჰქონდა, მაგრამ ამდენი გოლი ვერ გაჰქონდა. მისი თავდაჯერებულობისთვის ძალიან კარგია, გოლები რომ გააქვს.