სლოვაკეთის ლიგის მე-7 ტურში დუნაისკა სტრედამ მოქმედი ჩემპიონი ბრატისლავის სლოვანი 2:0 დაამარცხა.
მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი გაგუამ პირველი გოლისას ძალიან კარგი გამამწვავებელი პასი გააკეთა, შეტევა შესანიშნავად განავითარა, მეორე გოლისას კი საგოლე პასი შეასრულა. გაგუას თანაგუნდელი ცოტნე კაპანაძე სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.
მიმდინარე სეზონში გაგუამ სლოვაკეთის ჩემპიონატის 6 მატჩში (453 წუთი) 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. კონფერენს ლიგაზე 4 მატჩი ჩაატარა (268 წუთი), მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. საერთო ჯამში, 10 მატჩში 9 საგოლე მოქმედება აქვს, რაც საკმაოდ კარგი სტატისტიკაა.
გასული სეზონიდან მოყოლებული გაგუას პოზიცია შეეცვალა, ცენტრფორვარდზე იშვიათად თამაშობს, მეტწილად ათიანის პოზიციაზეა და შეტევების განვითარებაში მონაწილეობს, საკვანძო პასებს ასრულებს და უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელი გახდა.
დუნაისკა სტრედამ 6 მატჩში 16 ქულა დააგროვა და პირველზეა. ამდენივე ქულაა ჟილინას ანგარიშზე, თუმცა შვიდ მატჩში. ლუკა ხორხელისა და გიორგი მოსინიაშვილის ტრნავა ექვს მატჩში მოპოვებული 13 ქულით მესამეა, სლოვანის ანგარიშზე კი 6 მატჩში 12 ქულაა.