სერია ა-ს მორიგ ტურში უდინეზე შინ ლეჩესთან დიდი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა, რაც გუნდისთვის ზედიზედ მეხუთე მარცხი აღმოჩნდა.
გუნდი მძიმე კრიზისშია და 7 ტურში მოპოვებული 4 ქულით მე-18 ადგილს იკავებს, რის გამოც მთავარ მწვრთნელს, კოსტა რუნიაიჩს გაშვება ემუქრება.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე რუნიაიჩმა სასტარტო შემადგენლობის არჩევანსა და გიორგი ჩაკვეტაძის თამაშზეც ისაუბრა:
ალაბას ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამ პოზიციაზე ეთამაშა. მას სოლესგან განსხვავებული თვისებები აქვს, მაგრამ დიდი გამოცდილება გააჩნია. ეკელენკამპმა კარგად ითამაშა, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, ჩაკვეტაძე ტორინოსთან ძალიან კარგი იყო და არ არსებობდა ამ ფეხბურთელების შეცვლის მიზეზები.
დღეს, არ ველოდი ასეთ თამაშს, ეს მიუღებელია, დუელები წავაგეთ, მეორე ბურთებზე ყურადღებით არ ვთამაშობდით, ბევრი შეცდომა დავუშვით. მას შემდეგ, რაც აქ ვმუშაობ, ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო. პასუხისმგებელი მე ვარ, არა მხოლოდ ამ წაგებაში, არამედ წინა მარცხებშიც.
როგორც იტალიური მედია წერს, კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელის დათხოვნაზე სერიოზულად ფიქრობს და გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს.