იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში უდინეზე საკუთარ კედლებში ლეჩესთან 0:3 განადგურდა.
კოსტა რუნიაიჩის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეხუთე მარცხია და დაცვაში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება. უდინეზეს ამჟამად ყველაზე ცუდი დაცვითი მაჩვენებელი აქვს და ვენეციასთან ერთად ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 16 გოლი აქვს გაშვებული.
მატჩში სტუმრები მე-11 წუთზე კუალონდა გასპარის გოლით დაწინაურდნენ, 33-ე წუთზე სხვაობა კონან ნდრიმ გაზარდა, ხოლო 86-ე წუთზე ჯამილ ზიბერტმა საბოლოო წერტილი დასვა. უდინელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. 27 წლის ქართველმა მოედანზე 64 წუთი გაატარა, თუმცა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და შეტევების გამწვავების კუთხით საკმაოდ ინერტულად გამოიყურებოდა. მის აქტივში მხოლოდ ერთი შორი მანძილიდან დარტყმა ჩაიწერა.
ჩაკვეტაძემ სეზონის საწყისი ორი ტური ტრავმის გამო გამოტოვა. მესამე ტურში ლაციოსთან იგი სათადარიგო იყო, დებიუტი მეოთხე ტურში მილანის ინტერის წინააღმდეგ ჰქონდა (17 წუთი), შემდეგ კი კალიარისთან და ტორინოსთან ითამაშა. ჩატარებულ 4 შეხვედრაში მას საგოლე მოქმედება ჯერ არ შეუსრულებია.
7 ტურის შემდეგ, უდინეზე სერია A-ში 4 ქულით მე-18 ადგილს იკავებს და ბოლო ადგილოსან ვენეციას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.