მას შემდეგ, რაც ფლორენტინო პერესმა რეალის საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნები დანიშნა, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არჩევნებში მონაწილეობას ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი, რაფა ნადალიც აპირებდა.
ნადალი წლებია რეალის სოსიოა და კანონიერად არჩევნებში მონაწილეობა ნამდვილად შეუძლია. მეტიც, გულშემატკივრები წლებია წერენ, რომ პერესის შემცვლელად სწორედ მისი ხილვა სურთ, რამაც ლოგიკურად წარმოშვა ჭორები მის მონაწილეობაზეც. თუმცა, ამ ჭორებს წერტილი რაფამ მალევე, სოციალურ ქსელში დაუსვა:
წავიკითხე ინფორმაცია, თითქოს რეალის საპრეზიდენტო არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას. მინდა დავაზუსტო, რომ ეს ტყუილია.
დღეს კი, ნადალმა ფლორენტინო პერესი დაიცვა კრიტიკისგან:
„შეუძლებელია, ორი წლის წინ ადამიანი მსოფლიოში საუკეთესო პრეზიდენტი ყოფილიყო და დღეს საშინელება იყოს.
ეს წელი, სხვადასხვა მიზეზების გამო, კარგი არ გამოვიდა და ვფიქრობ ჯანსაღი იქნება, გარკვეული დაშვებული შეცდომების გადააზრება და აღიარება.
თუმცა, ფლორენტინო პერესთან და რეალთან შესანიშნავ ურთიერთობას ვინარჩუნებ. იმედია, კლუბი საუკეთესო გამოსავალს მოძებნის."