როგორც იცით, გუშინწინ ფლორენტინო პერესმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების 2029-დან ამ ზაფხულზე გადმოწევის შესახებ გამოაცხადა.
რეალის მეთაურმა ეს გარე კრიტიკისა და მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მიზეზით ახსნა, თუმცა გამოცემა Voz Populi სხვა, უფრო ძირფესვიან მიზეზს ასახელებს.
როგორც ზემოთხსენებული წყარო წერს, პერესმა სანდო პირისაგან შეიტყო, რომ 37 წლის ბიზნესმენი ენრიკე რიკელმე 2027 წლისთვის სერიოზული საარჩევნო კამპანიის წამოწყებას აპირებდა და გუნდში რეალის ისეთი ლეგენდები ეყოლებოდა, როგორებიც იკერ კასილასი და რაული არიან. სწორედ ამიტომ, პერესმა არჩევნების სამი წლით გადმოწევა დააპირა, რითაც პრაქტიკულად 2030 ან 2031 წლამდე გაინაღდა კლუბის სათავეში ყოფნა.
დღეს რეალმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი დაწყებულია და ნებისმიერ მსურველს თავისი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა 23 მაისამდე ექნება. გუშინ იმავე რიკელმემ პრეზიდენტს არჩევნების გადაწევა სთხოვა და შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, უღირს თუ არა ასე საგანგებოდ დანიშნულ პროცესში მონაწილეობა.
თუ 23 მაისამდე არცერთი კანდიდატი თავის მონაწილეობას არ დაადასტურებს, პერესი ავტომატურად დარჩება რეალის ხელმძღვანელად უკვე ახალი ვადით, რაც ავტომატურად ენრიკე რიკელმეს გეგმებსაც არევს.